დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს.
სანქცირებულები არიან:
- გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
- შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი („ხარებას") მოადგილე მირზა კეზევაძე;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.
ბრიტანეთის სამეფოს სანქციები, მთავრობის განმარტებით, ითვალისწინებს „ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას“, ყადაღა კი შეეხება „მათ [საბანკო] ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს“.
მანამდე, 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა დაამატა მოსამართლეები, „სასამართლოს კლანის“ წევრებად მიჩნეული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
ხოლო 2024 წლის დეკემბერში ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა:
- შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს;
- შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად (ხარება) ხარაზიშვილს;
- მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს;
- თბილისის პოლიციის ხელმძღვანელს სულხან თამაზაშვილს (რომელიც ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა).
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ამ დრომდე არ ჰყავს სანქცირებული "ქართული ოცნების" არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუმცა თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლირიმ, 8 აპრილისათვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.