მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის საელჩო ფარცხალაძის და ვასაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ოთარ ფარცხალაძის და ლევან ვასაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განმარტებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარ პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ხოლო ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან მჭიდრო კავშირისთვის. ასევე, სანქციების სიაში შესულია ორი ნავთობგადამზიდი, რომლებმაც, ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, რუსული ნავთობი შეიტანეს ქალაქ ბათუმის პორტში.

"დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოსთან დაკავშირებულ აქტორებს, რომლებიც ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. სანქციების პაკეტის მიზანია მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების შეკავება.

სანქციების სიაში შესულია ორი ნავთობგადამზიდი, რომლებმაც რუსული ნავთობი შეიტანეს ქალაქ ბათუმის პორტში, “ჩრდილოვანი ფლოტის” ფარგლებში. “ჩრდილოვანი ფლოტი”– მოძველებული და სახიფათო ხომალდებია, რომლებსაც კრემლი იყენებს რათა შეინარჩუნოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი, რაც არის რუსეთის მთავარი წყარო უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად.

სანქციების ამ პაკეტში შესულ 2 გემს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გემების სარეგისტრაციო სისტემაზე.

ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ასევე, სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და ქართული ოცნების მმართველ შტოსთან.

ეს მოქმედებები მოყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეული იქნა მმართველი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, მოქმედებების შედეგად, კერძოდ კი კრემლის მიერ მიღებული კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით", - წერია საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები