მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას სლოვაკეთთან ერთად საფრანგეთიც ითხოვს - Euronews

ალიშერ უსმანოვი

საფრანგეთი რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქე ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სანქცირებული პირების სიიდან ამოღების მოთხოვნაში სლოვაკეთს შეუერთდა. ამ ნაბიჯმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში „უზარმაზარი იმედგაცრუება“ გამოიწვია - ამის შესახებ Euronews-ს ევროკავშირის ოთხმა დიპლომატმა განუცხადა.

„ამან ბევრი კითხვა გააჩინა მოტივაციის შესახებ - როგორც ჩანს, აქ ძირითადად ეკონომიკური მიზეზები მოქმედებს. სხვა წევრი ქვეყნების მხრიდან ამას დიდი გაგება არ მოჰყოლია“, - განუცხადა Euronews-ს ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

სლოვაკეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ უსმანოვი და კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი, ევროკავშირის სანქცირებული პირების სიიდან ამოიღონ. ეს სია მიზნად ისახავს იმ პირებს, რომლებიც ახლოს არიან ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან და იმ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უზრუნველყოფს.

უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2022 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაა. ის უზბეკეთში დაბადებული რუსი მილიარდერია, რომელმაც თავისი ქონება მეტალურგიაში, სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში, ტელეკომუნიკაციებსა და ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციებით დააგროვა. იგი კრემლთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, რასაც თავად უარყოფს.

ევროკავშირის სანქციების რეჟიმი ამჟამად მოიცავს 3 000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და უკრაინაში შეჭრაში მის წვლილთან. სანქციების მოქმედების ვადა 15 სექტემბერს იწურება და წევრ ქვეყნებზე ზეწოლა იზრდება, რათა ამ თარიღამდე შეთანხმებას მიაღწიონ.

ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აქამდე ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდებოდა, თუმცა ახლა მაგიდაზე 12-თვიანი გაგრძელების წინადადებაც დევს. სექტორული სანქციების განახლების ციკლი კი უკვე ივლისში შეიცვალა და ექვსი თვიდან 12 თვემდე გაიზარდა.

როგორც Euronews წერს, ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანასაც კი შეუძლია გაგრძელების დაბლოკვა ვეტოს გამოყენებით. სლოვაკეთის წინააღმდეგობამ უკვე გამოიწვია უკმაყოფილება წევრ ქვეყნებს შორის, თუმცა საფრანგეთის ახალი პოზიცია მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაართულებს. პარიზმა უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღება პოლიტიკურ კომპრომისად წარმოადგინა, იმ გათვლით, რომ სლოვაკეთი, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, უარს აღარ იტყოდა სანქციების სიიდან ორივე პირის ამოღების მოთხოვნაზე. ევროკავშირის ელჩები ორშაბათს კვლავ შეიკრიბებიან, რათა სანქციების გაგრძელება განიხილონ. მათზე ზეწოლა იქნება, რომ 15 სექტემბრის ვადამდე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები