ევროპელმა დიპლომატებმა, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განახლებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების პროცესი ორ რუს მილიარდერთან, ალიშერ უსმანოვთან და მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ შეაფერხა.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, გარიგება 3,000-ზე მეტი პირის მიმართ შეზღუდვების 36 თვით გახანგრძლივებაზე უნდა შემდგარიყო და სანაცვლოდ სიაში დასახელებული ბიზნესმენები არ უნდა მოხვედრილიყვნენ, თუმცა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა საერთო აზრი ვერ გამონახეს. აღსანიშნავია მხარეებს შორის კონსულტაციები გვიან ღამემდე გაგრძელდა. ამჟამად საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 22 სექტემბრის დღის ბოლომდეა გადადებული.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქციების პაკეტის დამტკიცებაზე უარი განაცხადა საფრანგეთმა, რომელიც სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებას კატეგორიულად ითხოვდა. პარიზმა საკუთარი მოთხოვნა „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით“ ახსნა და სლოვაკეთის მხარდაჭერით ისარგებლა. საყურადღებოა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ მოტივების დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრა. რაც შეეხება მიხაილ ფრიდმანს, მისი სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით ლუქსემბურგი უკვე დიდი ხანია გამოდის.
ცნობისთვის, ალიშერ უსმანოვი რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერას მუდმივად უარყოფდა და სანქციების სიიდან ამოღებას აქტიურად ცდილობდა. პარალელურად, მიხაილ ფრიდმანი აქტივების გაყინვას უკანონოდ მიიჩნევს და საკუთარი ფინანსების დასაბრუნებლად ლუქსემბურგის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აწარმოებს.
























