მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა

ფრიდმანი და უსმანოვი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსი მილიარდერების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებაზე შეთანხმდნენ. არსებული ინფორმაციით, ბრიუსელმა გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებული 3,000-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის სანქციების განახლების საკითხზე გამართული ერთკვირიანი დავის შემდეგ მიიღო.

Politico-ს დიპლომატიური წყაროების ცნობით, უსმანოვის სიიდან ამოღებას საფრანგეთი და სლოვაკეთი ლობირებდნენ, ფრიდმანის დაცვას კი ლუქსემბურგი, უნგრეთი და სლოვაკეთი ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ინიციატივას განსაკუთრებით ლატვია ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ ქვეყნის დელეგაციამ კენჭისყრისას თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ ახალი შეთანხმების საფუძველზე, სასანქციო სია ძალაში სამი წლით დარჩება და ცალკეულ პირთა საკითხის ხელახალ განხილვას 2029 წლამდე გადაავადებს.

შეგახსენებთ, ამ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე Washington Post-თან საუბარში ფრანგმა დიპლომატმა უსმანოვის სიიდან ამოღების მოთხოვნა "ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული საკითხით" ახსნა. ამ განცხადებას ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მკვეთრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ, კერლი ვესკიმ სამაუწყებლო კომპანია ERR-ს განუცხადა, რომ ოლიგარქების სიიდან ამოღებას არავითარი გამართლება არ აქვს.

მომხდარს ოფიციალური კიევიც გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ამ ნაბიჯს "სამარცხვინო და გაუმართლებელი" უწოდა. სიბიჰამ სოციალურ პლატფორმა X-ზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ დასახელებულ ბიზნესმენებს ეროვნული სანქციები დაუწესონ.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მედიასთან განაცხადა, რომ მოსკოვი დაწესებულ შეზღუდვებს "უკანონოდ" მიიჩნევს და სანქციები რუსეთის ყველა მოქალაქეს უნდა მოეხსნას.

ცნობისთვის, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ევროპაში ფართო ბიზნესინტერესების მქონე რუსი მილიარდერები არიან. უსმანოვმა ქონება მეტალურგიის, სამთო მოპოვების, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში დააგროვა, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქე ფრიდმანმა კი კაპიტალი საბანკო, ენერგეტიკულ და საინვესტიციო სექტორში შექმნა. ორივე ბიზნესმენი ევროკავშირის სასანქციო სიაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოხვდა და ევროპულ აქტივებზე დაწესებულ შეზღუდვებს სამართლებრივი თუ პოლიტიკური გზებით აქტიურად ედავებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები