მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €3 მილიარდის გამოყოფა დაამტკიცა

გაყინული აქტივები

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინისთვის მერვე რეგულარული ტრანშის სახით თითქმის €3 მილიარდის ($3.4 მლრდ) გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. კიევი დამტკიცებულ ფინანსურ დახმარებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. გამოყოფილი პაკეტიდან თითქმის €800 მილიონი ($890 მლნ) ქვეყანას Ukraine Support Loan-ის მექანიზმით პირველად გადაერიცხება.

ბრიუსელის გადაწყვეტილებით, ეს თანხა ქვეყანაში მაკროფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერასა და მასშტაბური რეფორმების განხორციელებას მოხმარდება. როგორც ირკვევა, კიევმა ახალი ტრანშის მისაღებად ევროპული გეგმით გათვალისწინებული ათი ძირითადი რეფორმა წარმატებით დაასრულა და ახალი ფინანსური დახმარების მიწოდებაც სწორედ ამან განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა მიზნად ომის პირობებში მყოფი სახელმწიფოს ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს. საბჭოს განცხადებით, გამოყოფილი თანხა ეროვნული ინსტიტუტების შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და საბიუჯეტო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს. ამასთან, Ukraine Plan-ის განახლების შედეგად პროგრამას ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დამატებითი გრანტიც დაემატება. დონორი ქვეყნების ფინანსური კონტრიბუცია კი უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად შექმნა მრავალწლიანი ფინანსური მექანიზმი Ukraine Facility, რომლის საერთო ბიუჯეტიც €50 მილიარდს ($56 მლრდ) შეადგენს. ეს ინსტრუმენტი 2024-2027 წლებში ქვეყნის აღდგენას, მოდერნიზაციასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები