მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი უკრაინა

ევროკომისია და უკრაინა €90-მილიარდიანი საკრედიტო პროგრამის ფარგლებში 2027 წლისთვის გათვალისწინებული €45 მილიარდის ($50 მლრდ.) გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი განცხადების თანახმად, კიევი ამ თანხას განსაზღვრული რეფორმების შესრულებისთანავე მიიღებს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეებმა მომდევნო ორი წლის თავდაცვითი და ფინანსური საჭიროებების დასაფარად კონკრეტული ნაბიჯები უკვე შეათანხმეს. ამას გარდა, ბრიუსელი და კიევი დამატებითი თავდაცვითი საჭიროებების განსაზღვრაზე მუშაობას იწყებენ და ძალისხმევის საკოორდინაციოდ ყოველთვიურ შეხვედრებს გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის რეფორმების გატარება იქნება საჭირო $50-მილიარდიანი ტრანშის მისაღებად.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური დახმარების დაჩქარება რუსეთის მხრიდან სარაკეტო და უპილოტო აპარატებით იერიშების მკვეთრ გააქტიურებას უკავშირდება. როგორც უკრაინული მედია წერს, თავდაცვითი იარაღის შესაძენად კიევს ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ეწურება. პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკის განცხადებით, უკრაინა მიმდინარე წელს თავდაცვის სფეროში $27 მილიარდის (€23 მლრდ.) ოდენობის დეფიციტს განიცდის. კიევი კი საკუთარი სახსრებით მხოლოდ $7 მილიარდის დაფარვას მოახერხებს, დარჩენილი დანაკლისის შევსებას კი საერთაშორისო პარტნიორებისგან უნდა მოხდეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინანსური დანაკლისის ორ თვეში შევსების გარეშე, ქვეყანა მომავალი წლის დასაწყისში შეიარაღების შეძენას ვეღარ შეძლებს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერებმა €90-მილიარდიანი საკრედიტო პროგრამა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. ეს პაკეტი ორ თანაბარ ნაწილად იყოფა, საიდანაც €60 მილიარდი უშუალოდ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები