დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტში შევიდა 48 ხომალდი, რომელიც რუსული ჩრდილოვანი ფლოტის მიერ ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. სანქციების ჩამონათვალშია ხომალდი Altura (IMO 9292199), რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის 100,000 ტონამდე ნედლი ნავთობი შემოიტანა. აღნიშნულ პერიოდში ტანკერს Kayseri ერქვა. ამასთან ხომალდმა უკანასკნელ პერიოდში სახელი არაერთხელ შეიცვალა.
ტანკერის საქართველოში შემოსვლის დროს ხომალდი სანქცირებული არ იყო, რის შესახებაც მაშინ განცხადება გააკეთა შემოსავლების სამსახურმაც.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის განცხადება გააკეთოს ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით.მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი " KAYSERI“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება,"- ეწერა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ოქტომბრის განცხადებაში.
საქართველომ 2025 წლის ოქტომბრიდან ნედლი ნავთობის იმპორტი მკვეთრად გაზარდა, რაც ყულევში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადდამუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას უკავშირდება, აღნიშნული პერიოდიდან ქვეყანამ 265 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა (ძირითადად რუსეთიდან), ქვეყანაში ნავთობით დატვირთული ტანკერების შემოსვლასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ პერიოდში გაავრცელა რამდენიმე განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს ხომალდები არ იყვნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ.
ამასთან, თავად "ბლექ სი პეტროლიუმის" ინფორმაციით, უკვე დასრულდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პირველი ეტაპის მშენებლობა, რომელსაც წლიურად 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში წარმადობის 3.3 მილიონი ტონით, 4.5 მილიონ ტონამდე გაზრდა არის დაგეგმილი.




























