მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში

მუდისი moody's

გთავაზობთ 29 ივნისი -5 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. Moody's-ი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.4%-იან, ხოლო 2027 წელს 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. Moody's-მა საქართველოსთვის წინა შეფასება 2025 წლის მარტში გამოაქვეყნა და ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა, ახლა კი რეიტინგის პერსპექტივა კვლავ "სტაბილურამდე" გაუმჯობესდა.

2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა, 5 თვეში კი 7.8%-ით

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8% განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით არის გაზრდილი. ეკონომიკის სექტორებიდან ზრდა ფიქსირდება ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, თუმცა კლება აღინიშნება მშენებლობის დარგში. "2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში,"- წერს საქსტატი.

ივნისში ინფლაცია 5.8%-ს შეადგენდა

2026 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.8%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.2%-ით, რაც 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (6.8%) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (5.4%); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.5%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3%).

პირველი ივლისიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 1 მილიონ ლარამდე გაიზარდა

2026 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში სავალუტო დაკრედიტების მინიმალური ზღვარი 1 მილიონი ლარი გახდა - სებ-ის რეგულაცია შეეხება როგორც ბანკებს, ასევე სესხის გამცემ სუბიექტებს და მიკრობანკებს.

2025 წლის აგვისტოდან აღნიშნული ზღვარი 750,000 ლარს შეადგენდა, ხოლო 1-ელი ივლისიდან კი ის 1 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, მსესხებლების სავალუტო მოწყვლადობის შესამცირებლად არაჰეჯირებული კრედიტორებისთვის სავალუტო კრედიტების მინიმალური ზღვარი 750,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლით სასმელების რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავადდა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. საუბარია „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაზე. თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რეგულაციის ამოქმედების ვადამ თითქმის ოთხი წლით გადაიწია. როგორც ნორმატიულ აქტშია აღნიშნული, გადავადების გადაწყვეტილება კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული, რათა ბიზნესს ახალ სტანდარტებთან ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცეს. შეგახსენებთ, 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. აპრილში სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვაც 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა.

1 ივლისიდან აგროთანადაფინანსების ახალი სისტემა ამოქმედდა

საქართველოს მთავრობამ აგროდაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. 24 ივნისის №285 დადგენილებით დამტკიცებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი რამდენიმე სახელმწიფო მექანიზმის ერთიან სისტემაში გაერთიანებას ითვალისწინებს. ახალი პროგრამით იცვლება როგორც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფუნქცია, ისე სახელმწიფო თანადაფინანსების გაცემის წესი. პროგრამა არ აუქმებს აგროკრედიტს, თუმცა ის უკვე ცალკე ინსტრუმენტად აღარ იმუშავებს და აგროთანადაფინანსების საერთო სისტემის ნაწილი გახდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, იცვლება მთავარი ლოგიკაც - თუ აქამდე სახელმწიფო ძირითადად ბანკის მიერ გაცემულ სესხს ეხმარებოდა საპროცენტო სუბსიდიით, ახალი მოდელით სახელმწიფო პირველ რიგში თავად შეაფასებს პროექტს, ხოლო თანხა მხოლოდ განხორციელებული და დადასტურებული ინვესტიციის შემდეგ გაიცემა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებდა, აქამდე ძირითადად საბანკო მოდელზე იყო დაფუძნებული. ბენეფიციარი მიმართავდა პროგრამაში ჩართულ ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას, ფინანსური ინსტიტუტი აფასებდა საკრედიტო რისკს და გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო ერთვებოდა საპროცენტო სუბსიდირების ნაწილში.

"ბლექ სი პეტროლიუმი" სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს

ნავთობგადამმუშავებელმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (BSP) მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა.

კომპანიის განცხადებით, ნედლეულის დივერსიფიკაცია „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას მაღალმარჟიან ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში საწარმომ 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადაამუშავა. ამავე პერიოდში „ბლექ სი პეტროლიუმმა“ გააფართოვა თანამშრომლობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Honeywell-თან, რაც საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების გარდა, მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვასაც მოიცავს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია სტრატეგიული განვითარების გეგმას აგრძელებს. მათ შორის, 2027 წლის პირველ კვარტალში საგზაო ბიტუმის წარმოების დაწყებას, ხოლო მეორე კვარტალში საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობის შექმნას გეგმავს.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი 441 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 441.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით, ანუ 175 მილიონი დოლარით მეტია. ამასთან, რეკორდული იყო ამ სექტორისთვის 2025 წელიც, როდესაც მთლიანმა შემოსავალმა 1.15 მილიარდ დოლარს მიაღწია (ზრდა 67%). IT სექტორის საგარეო შემოსავლის 65%-იანი მატება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი - 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები