მიმდინარე წლის გაზაფხულზე აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 2.2%-ით გაიზარდა. როგორც ირკვევა, მეორე კვარტალის მშპ-ს ზრდის ტემპმა ანალიტიკოსების წინა, 1.5%-იან პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
მიუხედავად ამისა, დაფიქსირებული მაჩვენებელი პირველი კვარტალის 2.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მაინც ჩამოუვარდება.
ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება სამომხმარებლო დანახარჯების 0.9%-იანმა მატებამ განაპირობა. თავის მხრივ, ეს სეგმენტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ მესამედს შეადგენს.
პარალელურად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დაფინანსების ხარჯზე კორპორაციული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაც მშპ-ის ზრდას ხელს უწყობს.
რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ეკონომისტები არსებული ტემპის ოდნავ შენელებას ვარაუდობენ. ეს ტენდენცია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას უკავშირდება. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ბიზნესისა და მოსახლეობისთვის სესხების აღებას აძვირებს და ხარჯვას მნიშვნელოვნად აფერხებს.
























