მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთს ახალი პრემიერი ჰყავს

კეირ სტარმერი

ბრიტანეთს ახალი პრემიერი ჰყავს. კეირ სტარმერი ბუკინგემის სასახლეში მონარქთან, მეფე ჩარლზთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. ის რიში სუნაკს ჩაანაცვლებს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა.

შეგახსენებთ, გუშინ გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმათა უმრავლესობა სტარმერის ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, 650-ადგილიან პარლამენტში 400-ზე მეტ ადგილს ლეიბორისტები დაიკავებენ, ხოლო რიში სუნაკის პარტია 121-ს. ბრიტანეთში საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 ადგილის მოპოვება იყო საჭირო, რასაც როგორც ვხედავთ, ლეიბორისტებმა გადააჭარბეს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კეირ სტარმერმა, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას 2020 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ "ცვლილებები ახლა იწყება".

ლეიბორისტები პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ ურთიერთობას ევროპასთან, გადასახადებს დააკისრებენ კერძო სკოლებს და აკრძალავენ შიდა წვის ძრავის მქონე, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს.

თავის მხრივ, რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ისტორიულ მარცხზე პასუხისმგებლობა აღიარა.

"ბრიტანელმა ხალხმა სამწუხარო ვერდიქტი გამოიტანა. აქედან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მე ვიღებ პასუხისმგებლობას მარცხზე", - განაცხადა რიში სუნაკმა.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პარტია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში 14 წელია დგას და საკუთარ თავს ხშირად მიიჩნევს ბრიტანელი ხალხის “ბუნებრივ” არჩევანს. თუმცა ხალხის აზრის კვლევა აჩვენებს, რომ პარტიამ, შესაძლოა, მანდატების ⅔-ზე მეტი დაკარგოს, რაც დრამატული ცვლილებაა 2019 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც კონსერვატიულმა პარტიამ, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა - დაპირება ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესის საბოლოო დაგვირგვინება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები