მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რეცესია ელის - ცენტრალური ბანკის პროგნოზი

6363c3729a2e0
გიორგი თოლორდავა
03.11.22 18:12
681
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ინგლისის ცენტრალური ბანკი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას პროგნოზირებს, რომელიც, შესაძლოა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა უაღრესად რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდეს.

რეცესიულის რისკების ზრდის მთავარ განმაპირობებელ მიზეზებად ევროპის მასშტაბით მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციური წნეხის ზრდა და მის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრება სახელდება.

ცნობისთვის, ინგლისის ბანკმა სწორედ დღეს რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 33 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.1%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

საბაზო ინფლაციის დონე (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, წლიურ 6.5%-იან ნიშნულზეა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია აგვისტოს მაჩვენებელზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასები თითქმის ყველა სამომხმარებლო ჯგუფში იზრდება.

ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 13.3%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა აგვისტოსა და სექტემბერშიც გაამკაცრა 50-50 პუნქტებით.

„გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება, რაც რამდენიმე ძირითადი გამოწვევითაა განპირობებული, მათ შორისაა: მაღალი ინფლაციის დონე, შემოსავლების შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა HSBC-ის მაკრო და საინვესტიციო სტრატეგოსმა ჰუსეინ მეჰდიმ.

გასულ 24 საათში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო. FED-ის შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთის ზრდის მაჩვენებელმა 75 საბაზო პუნქტი შეადგინა, რის შედეგად, აშშ-ში მონეტარულმა პოლიტიკამ 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე მკაცრ ნიშნულს, 4%-ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები