დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ პოპულარული სოციალური ქსელის, TikTok-ის 16 მილიონი დოლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური უწყების განმარტებით, სოციალურ ქსელში 13 წლამდე ასაკის ბავშვები მშობლების ნებართვის გარეშე ახერხებდნენ რეგისტრაციას და პლატფორმით სარგებლობას, რაც ბრიტანული კანონმდებლობით დაუშვებელია.
13 წლამდე ბავშვებისთვის TikTok-ზე რეგისტრაცია ფორმალურად აკრძალულია, თუმცა მილიონზე მეტმა არასრულწლოვანმა მაინც მოახერხა TikTok-ზე რეგისტრაცია, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი კომპანიას შესაბამისი ზომები არ მიუღია.
TikTok-ისა და მისი მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკა სულ უფრო მეტად იზრდება. ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, სოციალური პლატფორმა აქტიურად არღვევს მონაცემების დაცვის პოლიტიკას და მომხმარებლების პირად ინფორმაციას ჩინეთის მმართველ კომუნისტურ მთავრობას უზიარებს.