მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი საფოსტო კომპანია, ბრიტანული Royal Mail-ი იყიდება. 500-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიას ჩეხი მილიარდერი, დანიელ კრეტინსკი ყიდულობს, რომელიც მზადაა კომპანიაში $4.6 მილიარდი გადაიხადოს. ამგვარად, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი კომპანია უცხოელი მესაკუთრის ხელში გადადის, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა.
გამომდინარე იქიდან, რომ Royal Mail-ის მომსახურება ბრიტანელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანებს უჩნდებათ კითხვები, მათ შორის ისიც, ხომ არ გაფუჭდება საფოსტო სერვისის ხარისხი ან ხომ არ გაიზრდება ამ სერვისის ფასები? როგორც კრეტინსკის EP Group-ის განცხადებაში ვკითხულობთ, Royal Mail-ი მისი უნივერსალური პასუხისმგებლობის შესრულებას გააგრძელებს. კომპანიის განცხადებით, შეთანხმებული სამუშაო პირობებიც შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ Royal Mail-ი, რომელიც ასწლეულების განმავლობაში სახელმწიფო კომპანია იყო, 2013 წელს გაიყიდა, მაგრამ მას შემდეგ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გასული წელი კომპანიამ $445-მილიონიანი ზარალით დაასრულა, ხოლო ერთი წლით ადრე $536 მილიონის ზარალზე გავიდა.
ჩეხი მილიარდერი, დანიელ კრეტინსკი, რომელიც ბრიტანულ კომპანიას ყიდულობს, მედიასთან ხშირად არ ჩნდება. ამერიკული Bloomberg-ი მის ქონებას $7.8 მილიარდად აფასებს და ამ თანხის უდიდესი ნაწილი ენერგეტიკულ კომპანიებზე მოდის. კრეტინსკის პორტფელში რამდენიმე ბრიტანულ კომპანიასაც ვხვდებით მათ შორის საფეხბურთო კლუბ “ვესტ ჰემ იუნაიტედს”.