Bonhams-ის სააუქციონო სახლმა 2025 წელი 970 მილიონი დოლარის გლობალური გაყიდვებით დაასრულა — ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შედეგია კომპანიის უახლეს ისტორიაში. მიუხედავად დადებითი ფინანსური ანგარიშისა შედეგს კომპანიამ რთული წლის ფონზე მიაღწია - მნიშვნელოვანი საბუღალტრო ფინანსური დანაკარგის, მფლობელის ცვლილებისა და გლობალური აუქციონების ბაზრის არასტაბილურობის პირობებში.
მიუხედავად გამოწვევებისა, 2025 წლის შედეგები Bonhams-ის გამძლეობაზე მიუთითებს. 2025 წელს ზრდა განპირობებული იყო გეოგრაფიული და საბაზრო დივერსიფიკაციით, კერძო გაყიდვების გაფართოებითა და ციფრული პლატფორმების გააქტიურებით. განსხვავებით Sotheby’s-ისა და Christie’s-ის მსხვილ საღამოს გაყიდვებზე ორიენტირებული მოდელისგან, Bonhams-ის სააუქციონო სახლი უფრო ფართო საშუალო სეგმენტზე აკეთებს აქცენტს. (სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2025 წელს საშუალო სეგმენტში, რომელიც $5000-დან $10 მილიონამდე ღირებულების ლოტებს მოიცავს მოთხოვნა 15%-17%-ით გაიზარდა)
აუქციონის სახლის მონაცემებით, 2025 წელს Bonhams-მა მყიდველები 133 ქვეყნიდან მოიზიდა და საქმიანობა 24 ბაზარზე აწარმოვა. გაყიდვები მოიცავდა 65-ზე მეტ კატეგორიას, მათ შორის განსაკუთრებით წარმატებული იყო სახვითი ხელოვნება, ლუქს საქონელი და საკოლექციო ავტომობილები. წლის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი — 2020 წლის Bugatti Divo — $9 მილიონად გაიყიდა.
მსოფლიოს მასშტაბით შედეგები არაერთგვაროვანი, თუმცა პოზიტიური იყო. ჰონკონგში Bonhams-მა რეკორდული წელი დააფიქსირა — $104 მილიონი აუქციონებისა და კერძო გაყიდვების სახით.
დიდ ბრიტანეთში გაყიდვები წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და $285 მილიონს მიაღწია, ხოლო ნიუ-იორკში კომპანიამ 20-ე და 21-ე საუკუნის ხელოვნების კვირის საუკეთესო შედეგი აჩვენა — $28.2 მილიონი ნოემბერში.
ციფრულმა გაყიდვებმა კვლავ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა: ლოტების 91% ონლაინ გაიყიდა მოცულობის მიხედვით, ხოლო მთლიანი ღირებულების 46% ციფრულ არხებზე განხორციელდა, რაც მიუთითებს ონლაინ გაყიდვების სეგმენტის სწრაფ ზრდაზე.
გასულ წელს Bonhams-ს ერთგვარი ცვლილებების პერიოდი ჰქონდა, 2025 წლის ოქტომბერში სააუქციონო სახლი Pemberton Asset Management-მა შეიძინა. გარიგების თანხა უცნობია, თუმცა 2022 წლის მონაცემებით კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $1 მილიარდი იყო.
2026 წლისთვის Bonhams გეგმავს საშუალო და პრემიუმ სეგმენტზე ფოკუსის გაღრმავებას, კერძო გაყიდვების ზრდას, ციფრული პლატფორმების განვითარებასა და ბაზრის დივერსიფიკაციის გაგრძელებას.
კომპანიამ ნოემბრის ბოლოს დააანონსა ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ლეგენდარული Steinway Tower-ის შენობაში ახალი სათავო ოფისის გახსნა. ისტორიულად ბრიტანული სააუქციონო სახლი 2026 წელს აშშ-ს ბაზარზე მყარი პოზიციის დაკავებას გეგმავს და ოპერაციების გაფართოებას როგორც ამერიკის ასევე მსოფლიო ბაზარზე.




























