მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დასაწყებად - ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ British Airways-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყების კუთხით უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად აქტიურია პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები აშშ-სთან და როგორია პერსპექტივა, ქვრივიშვილი ამბობს, რომ სტანდარტული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ფრენებს აშშ-სთან, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. წლებია აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობთ. ავიაციაში ეს არის ნორმალური პრაქტიკა, რომ მუდმივად, წლების განმავლობაში ემუშავები პარტნიორ ავიაკომპანიებს, აწვდი ციფრებს და მოკლედ, სტანდარტულ სამუშაო პროცესშია. გვესმის, რომ ინტერესი მაღალია, ჩვენი სურვილიც არის, რომ მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულამდე დროულად გავიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი. ჩვენი ყოველი შეხვედრების, ფორუმების თუ სხვა ფორმატების განმავლობაში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ალბათ კვარტალში ერთხელ გვაქვს შეხვედრები ამერიკულ ავიაკომპანიებთან, ჩვენი გუნდი მუდმივად კავშირზეა მათთან.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე British Airways-ის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ამერიკასთან პირდაპირი ფრენების სტიმულირება. British Airways-ს აქვს ზიარი კოდის თანამშრომლობა American Airlines-თან. მათ ისე დაგეგმეს საქართველოში ფრენების განრიგი, რომ არის ძალიან კარგი კავშირი ამერიკის ფრენებთან, ეს დაასტიმულირებს ამერიკიდან ტურისტული ნაკადების შემოსვლას საქართველოში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს დაანონსდა, რომ 2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის. ის ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები