მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბრიუსელში თუ ვაშინგტონში საქართველოს შესახებ ერთი და იგივე კითხვა აქვთ“ - ვერა ქობალია

648387d864311
თელარა გელანტია
10.06.23 13:00
1638
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის და ამჟამად კანადის მთავრობის მრჩევლის ვერა ქობალიას განცხადებით, ევროპაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს შესახებ ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს.

„ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ კანბერაში, პირველი კითხვა, რომელსაც სვამენ, არის შემდეგი - ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს დასავლური კურსი, მთავრობას კი - პირიქით და რას ნიშნავს ეს?! ამ ხალხმა როგორ აირჩია ეს მთავრობა?! ამას ვერ ხვდებიან და რადგან ლოგიკურად ვერ აკავშირებენ, ჰგონიათ, რომ სხვა რაღაცაშია საქმე... ხშირად მეკითხებიან, თუ დემოკრატიული ქვეყანაა საქართველო და ხალხი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, მაშინ რატომ იქცევა მთავრობა ასე?!ჩვენ დავინახეთ, როგორ საუბრობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში სამიტზე - ევროპელი მსმენელები ყურებს არ უჯერებდნენ. ყაზახეთის და ყირგიზეთის ლიდერები არ ამბობენ ასეთ რაღაცეებს დღეს და საქართველომ ახლა მოინდომა მსგავსი პოზიციის დაჭერა“, - განაცხადა ვერა ქობალიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, როდესაც მას წამყვანმა ჰკითხა - ყველაზე ხშირად რა კითხვებს უსვამენ საქართველოსთან დაკავშირებით.

„ევროპაში და ამერიკაში საქართველოს ყოველთვის უყურებდნენ როგორც ყველაზე წამყვან ქვეყანას რეგიონში; ახლაც ხედავენ როგორ დასავლურად აზროვნებს ხალხი, ამიტომ უნდათ, მხარი დაუჭირონ <საქართველოს>, მაგრამ ელოდებიან, ფიქრობენ, რომ თუ ხალხის პოზიცია ასეთია, მაშინ მთავრობაც შეიცვლება და შემდგომ საქართველოც თავის გზას დაუბრუნდება“, - აღნიშნა მან.

ვერა ქობალიას შეფასებითვე, საქართველოს ხელისუფლებამ ისე აქცია ზურგი ევროპას და ამერიკას, რომ შეცდომების გამოსწორება რთული იქნება. „წერტილთან“ ინტერვიუში მან რამდენიმე მიმართულება გამოყო, რაზეც მისი აზრით, ხელისუფლებას სამუშაო აქვს. მათ შორისაა ანტიდასავლური რიტორიკის შეცვლა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი ერთგულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ოლიგარქიული სისტემის დაშლა.

ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს და საქმიანობს. მას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2010-2012 წლებში ეკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები