მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბროკერები 100-150%-ით მეტს გვახდევინებენ“ - „რობანი მოტორსი“ თურქეთის საზღვარზე შექმნილ ბარიერებზე

ავტოიმპორტი

ქართველი ავტოიმპორტიორები თურქეთის საზღვარზე, კერძოდ ბულგარეთი-თურქეთის მონაკვეთზე, სერიოზულ ფინანსურ და ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან - ამის შესახებ BMG-სთან „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი და დირექტორი ელგუჯა ჯამაგიძე აცხადებს.

მისი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ეხება მცირე კომერციულ ტრანსპორტს, რომელიც ევროპიდან სახმელეთო გზით შემოჰყავთ.

ჯამაგიძის განმარტებით, თუ ადრე საზღვარზე ტრანზიტის საფასური ოფიციალურად, საბანკო ქვითრით ვიხდიდით, იანვრის ბოლოდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ახლა მძღოლებს აიძულებენ, ისარგებლონ კერძო ბროკერების მომსახურებით, რომელთა ტარიფებიც რამდენჯერმე აღემატება რეალურ გადასახადს.

„იანვრის ბოლოდან ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ქართველი დილერები. ისევ ძველ სტილს დაუბრუნდნენ - ბროკერთან უნდა გაიარო, ბროკერი თავის ფასს ადებს და, შესაბამისად, სადღაც 100-150%-ით მეტს ახდევინებენ, რაც ოფიციალური გადასახდელია. ზოგი ამბობს, რომ საერთო ჯამში 700 ევროც დამიჯდაო. მოსაკრებელი არის 150-170 ევრო, მანქანის ტონაჟიდან გამომდინარე, ბროკერები კი 400, 500 და ზოგჯერ 700 ევროსაც კი ართმევენ,“ - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე BMG-სთან.

მისი თქმით, პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ თურქი მებაჟეები საბაჟო დეკლარაციის შევსებას ცარიელ ავტომობილებზეც ითხოვენ, რაც საერთაშორისო პრაქტიკით მხოლოდ დატვირთული ტრანსპორტის შემთხვევაშია სავალდებულო.

„ცარიელი ავტომობილის შემთხვევაში ამის მოთხოვნის უფლება არა აქვთ. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ერთ ბროკერს ეტყვი, რომ გატყუებს და სხვასთან მიდიხარ, იქ პირი შეკრული აქვთ და შესაბამისად, 24-48 საათით გაჩერებენ. ადამიანი იღლება, ნეიტრალურ ზონაში დგახარ, მანქანაში გიწევს დაძინება... ძალაუნებურად იხდიან ამ ფულს, რომ იქიდან გამოაღწიონ. ფაქტია, რომ ბროკერები ფულს არაფერში ართმევენ“ - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.

ავტოიმპორტიორები ალტერნატიულ გზებად საზღვაო მარშრუტებს (ბურგასი, კონსტანცა) განიხილავენ, თუმცა, მათივე ცნობით, იქაც ფასები ხელოვნურად არის გათანაბრებული თურქეთის სახმელეთო გზის ხარჯებთან, რაც დილერებს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს.

ელგუჯა ჯამაგიძე მიიჩნევს, რომ საკითხი დიპლომატიურ დონეზე უნდა გადაწყდეს, რადგან ავტოიმპორტიდან მიღებული შემოსავლები საქართველოს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ დარგის შეფერხება ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.

„ეს ტრანსპორტი საქართველოში რომ შემოდის, რეექსპორტზეც გადის. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებია. თუ ეს მიმართულება პრობლემის წინაშე დადგება, შემოსავლებიც შემცირდება. საჭიროა, რომ სახელმწიფო ჩაერიოს და იკითხონ თავისი მოქალაქეების მდგომარეობა უცხო ქვეყანაში. ჩვენი საკონსულო თურქეთში ამბობს, რომ ეს ჩვენს კომპეტენციას სცდებაო, მაგრამ ეს სახელმწიფოთაშორის დონეზე უნდა დადგეს.“

„რობანი მოტორსის“ დირექტორის თქმით, ავტობიზნესი არ არის ისეთი სფერო, სადაც ფასის მატება მყისიერად აისახება ბაზარზე, თუმცა პროცესი გარდაუვალია. მისი პროგნოზით, თუ საზღვარზე ვითარება არ გამოსწორდა, ეს გამოიწვევს დეფიციტს და მცირე კომერციული ტრანსპორტის გაძვირებას საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები