Black Sea Petroleum (BSP) ბელგიაში კომპანიას აფუძნებს და ბრიუსელში ოფისის გახსნას ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს. ამის შესახებ ევროპული გამოცემა Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საქმიანობასა და განვითარების გეგმებს ეხება.
სტატიის თანახმად, ბრიუსელის ოფისი ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროპელ ბიზნესპარტნიორებთან BSP-ის მუდმივი საკონტაქტო წერტილი იქნება. კომპანიის ინფორმაციით, წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ევროპულ ინსტიტუტებთან, EU-ს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებსა და ბიზნესებთან ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის ყულევის ქარხნის გაფართოებისა და საინვესტიციო გეგმების მიმართულებით.
"თანადამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, დავით ფოცხვერიას ხელმძღვანელობით, „შავი ზღვის პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum) ბელგიურ კომპანიას აფუძნებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიუსელის ოფისის გახსნას გეგმავს. აღნიშნული ოფისი ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროპელ ბიზნესპარტნიორებს მუდმივ საკონტაქტო წერტილს უზრუნველყოფს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და მისი ინვესტიციების გეგმების განხილვისთვის.
BSP-ის ევროპული მრჩეველთა საბჭო და სტრატეგიული მრჩევლები ევროპულ და საერთაშორისო საქმეებში არსებულ გამოცდილებას იყენებენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ეროვნულ ხელისუფლებასა და წევრი ქვეყნების ბიზნესებთან თანამშრომლობისთვის. ისინი მხარს უჭერენ პირდაპირ ურთიერთობებს საქართველოში კომპანიის გუნდსა და მის ევროპელ კოლეგებს შორის,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Politico-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპანიის მასშტაბისა და გაფართოების გეგმებს. BSP-ს ყულევის ქარხანაში უკვე 200 მილიონი ევრო აქვს ინვესტირებული, ხოლო 2029 წლამდე დამატებით 650 მილიონი ევროს ინვესტიციაა დაგეგმილი. კომპანიის მიზანია გადამუშავების წლიური სიმძლავრის 1.2–1.5 მილიონი ტონიდან 2028 წლისთვის 4.5–5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ასევე დაგეგმილია EURO 5 სტანდარტის საწვავის წარმოების დაწყება 2029 წლისთვის. პროდუქციის ჩამონათვალში შედის ბენზინი, დიზელი, საავიაციო და საზღვაო საწვავი, LPG და ბიტუმი.
ქარხანამ ოპერირება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამჟამად მხოლოდ არარუსულ ნედლ ნავთობს ამუშავებს. 25 სექტემბერს კი ყულევში ლიბიური ნედლი ნავთობის მეორე, 90 ათასი ტონის მოცულობის პარტია შევიდა.
























