Black Sea Petroleum-მა (BSP) ევროპის ინსტიტუტებთან კომუნიკაციისთვის მრჩეველთა საბჭო შექმნა - ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. ამასთან, კომპანიამ 15 ოქტომბერს, ბელგიაში ქალაქ ბრიუსელში საკუთარი ოფისი გახსნა, რომლის მიზანიც სწორედ ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ოფისის საქმიანობა ევროკავშირის საკითხებზე მუშაობას, ევროპულ ინსტიტუტებთან დიალოგის გაღრმავებასა და ენერგეტიკის სექტორში გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას დაეთმობა.
რაც შეეხება BSP-ის მრჩეველთა საბჭოს წევრებს, ვაზილ ჰუდაკი სხვადასხვა წლების განმავლობაში იკავებდა სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, ასევე იკავებდა "საქართველოს განვითარების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას, იქამდე კი საქმიანობდა J.P. Morgan-სა და Citygroup-ში.
მარინო ფრანინოვიჩი კი 2023 წლიდან საქართველოში ხორვატიის საპატიო კონსულის თანამდებობას იკავებს. ის წლების განმავლობაში საქმიანობდა J.P. Morgan-ში ბალკანეთის ქვეყნების საინვესტიციო დეპარტამენტში, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკში (EIB). მისი საქმიანობის ძირითადი სფეროები მოიცავს ენერგიის ტრანზიციის და ენერგეტიკის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.
კომპანიის მიერ ბრიუსელში ოფისის გახსნის შესახებ თავდაპირველად ცნობილი Politico-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან გახდა ცნობილი, სადაც BSP ევროპაში ახალი ოფისის გახსნას აანონსებდა.
"BSP-ის ევროპული მრჩეველთა საბჭო და სტრატეგიული მრჩევლები ევროპულ და საერთაშორისო საქმეებში არსებულ გამოცდილებას იყენებენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ეროვნულ ხელისუფლებასა და წევრი ქვეყნების ბიზნესებთან თანამშრომლობისთვის. ისინი მხარს უჭერენ პირდაპირ ურთიერთობებს საქართველოში კომპანიის გუნდსა და მის ევროპელ კოლეგებს შორის,"- ნათქვამი იყო სტატიაში.
BSP-ის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ოპერირება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2026 წლის აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს. კომპანიას 2027 წლის ბოლომდე ლიბიიდან ნედლი ნავთობის მოწოდების შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. საწარმოს ამჟამად 1.2-1.5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე აქვს, რაც ეტაპობრივად 4.5-5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ დროისთვის კომპანიაში 200 მილიონ ევრომდე უკვე ინვესტირებულია, ხოლო 2029 წლამდე საინვესტიციო მოცულობა 650 მილიონ ევროს მიაღწევს.
























