Black Sea Petroleum-მა (BSP) ბელგიაში ოფისი გახსნა, ამის შესახებ კომპანიის LinkedIn-ის გვერდზე არის აღნიშნული. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ოფისი 15 ოქტომბერს, Rue Belliard-ის 40 ნომერში გაიხსნა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ოფისის საქმიანობა ევროკავშირის საკითხებზე მუშაობას, ევროპულ ინსტიტუტებთან დიალოგის გაღრმავებასა და ენერგეტიკის სექტორში გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას დაეთმობა.
კომპანიის მიერ ბრიუსელში ოფისის გახსნის შესახებ თავდაპირველად ცნობილი Politico-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან გახდა ცნობილი, სადაც BSP ევროპაში ახალი ოფისის გახსნას აანონსებდა.
"თანადამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, დავით ფოცხვერიას ხელმძღვანელობით, „შავი ზღვის პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum) ბელგიურ კომპანიას აფუძნებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიუსელის ოფისის გახსნას გეგმავს. აღნიშნული ოფისი ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროპელ ბიზნესპარტნიორებს მუდმივ საკონტაქტო წერტილს უზრუნველყოფს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და მისი ინვესტიციების გეგმების განხილვისთვის.
BSP-ის ევროპული მრჩეველთა საბჭო და სტრატეგიული მრჩევლები ევროპულ და საერთაშორისო საქმეებში არსებულ გამოცდილებას იყენებენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ეროვნულ ხელისუფლებასა და წევრი ქვეყნების ბიზნესებთან თანამშრომლობისთვის. ისინი მხარს უჭერენ პირდაპირ ურთიერთობებს საქართველოში კომპანიის გუნდსა და მის ევროპელ კოლეგებს შორის,"- ნათქვამი იყო სტატიაში.
BSP-ის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ოპერირება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2026 წლის აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს.






















