უნგრეთში, ბუდაპეშტში ორბანის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელსაც 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ Associated Press წერს.
გამოცემის თანახმად, „Rendszerbontó“ („სისტემის დამანგრეველი“) სახელწოდებით გამართული კონცერტი 10 აპრილს ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე, საღამოს საათებში დაიწყო და 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
AP News-ის ინფორმაციით, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამართულ კონცერტში ათობით პოპულარული უნგრელი მუსიკოსი მონაწილეობდა, რომლებმაც ხელისუფლებისადმი კრიტიკული სიმღერები შეასრულეს. მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ, ხმა არ მიეცათ ორბანის ხელისუფლებისთვის. ღონისძიება სამოქალაქო მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად არჩევნების წინ ამომრჩევლების აქტიურობის გაზრდას ისახავდა.
AP-ის ცნობით, აქცია ასახავს მზარდ უკმაყოფილებას ორბანის მმართველობის მიმართ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას არჩევნების წინ.
12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. გამოცემები იუწყებიან, რომ არჩევნები ორბანის 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე კრიტიკული და დაძაბული იქნება. არჩევნებში მონაწილეობას 4 პარტია იღებს, თუმცა გამოკვეთილია ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ორბანის პარტია "ფიდესი" და პარტია "ტისა", რომლის ლიდერიც პეტერ მადიარია.




























