ბულგარეთის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ქვეყანაში არსებული Lukoil-ის ნავთობგადასამუშავებელი საწარმო რუსულ კომპანიას ჩამოერთმევა და სხვა კომპანიაზე გაიყიდება. ინიციატივის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატია, რაც აჩენს მოლოდინს, რომ კანონპროექტის გატანა და უცხოური ქვეყნის კერძო საკუთრების სახელმწიფო ბალანსზე გადასვლა მარტივად მოხერხდება.
როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ინიციატივის მიზანია, ისე მოხერხდეს ნავთობის გადამუშავების განახლება, რომ ქვეყანას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მეორადი სანქციები არ დაუწესდეს.
ამჟამად ბულგარეთში არსებული ერთადერთი ნავთობგადასამუშავებელი ობიექტი Lukoil-ს ეკუთვნის. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ თუ შესაბამისი ზომა არ გადაიდგმება და ქარხანა არ გასხვისდება, წარმოების განახლება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, ბულგარეთს გადამუშავებული ნავთობის იმპორტი მოუწევს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ბულგარეთის პარლამენტში კანონპროექტის ინიციირება ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ რუსული ნავთობგიგანტების, Lukoil-ისა და Rosneft-ისთვის სანქციების დაწესებამ განაპირობა. ამერიკის მთავრობის განმარტებით, მიზეზი აღნიშნული კომპანიების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთისთვის დახმარების გაწევაა.




























