მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა - ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

რუმენ რადევი

ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი გადადგა. გადაწყვეტილება საგანგებო სატელევიზიო მიმართვისას გააჟღერა და მოქალაქეებს მიანიშნა, რომ მოახლოებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

სიტყვით გამოსვლისას რადევმა ბულგარელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და ისინი ადგილობრივი ოლიგარქების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

ქვეყნის პირველ პირად ყოფნის 9 წლის თავზე რადევი აცხადებს, რომ თავს ვალდებულად თვლის, ქვეყანა და მისი ინსტიტუტები საშიში ძალებისაგან დაიცვას და მოსახლეობის ინტერესები გაატაროს. ცნობისთვის, ბულგარეთში არჩევნები ბოლო 4 წელიწადში მერვედ ჩაინიშნა.

ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის გადადგომას წინ დეკემბრის თვეში გამართული მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები, პრემიერ-მინისტრ როსენ ჟელიაზკოვის გადადგომა და ვადამელი არჩევნების ჩანიშვნა უძღოდა. რადევის საპარლამენტო არენაზე გადასვლის მცდელობას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. მათი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ რადევი უკრაინის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და სიმპათიას რუსეთის მიმართ იჩენს. ამასთან, ის სკეპტიკურად უყურებს ეროვნული ვალუტის ევროთი ჩანაცვლებას, რაც რადევს ქვეყნის რადიკალურ, პოპულისტურ ფლანგებთან აახლოებს და აჩენს ალბათობას, რომ პოლიტიკოსი მსგავსი შეხედულების მქონე პარტიებთან ერთად ერთიან გუნდს ჩამოაყალიბებს. თანამდებობის დატოვების წინ რადევმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა დანიშნა და მას ქვეყნის მართვისთვის შესაფერისი პიროვნება უწოდა.

შეგახსენებთ, ბულგარეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა და წლების განმავლობაში მისთვის სერიოზულ გამოწვევად კორუფცია და პოლიტიკურ პროცესებში არაფორმალური პირების ჩართვა ითვლებოდა. სწორედ დეკემბრის ანტიკორუფციული გამოსვლების ფონზე დაიშალა მთავრობა, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ რომელიმე ფლანგი მნიშვნელოვან უპირატესობას არ მოიპოვებს, ბულგარეთი საარჩევნო “სპირალში” დარჩება, რაც ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები