მას შემდეგ, რაც 2025 წელს ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდა და ვალუტად ევრო მიიღო, ქვეყანამ "ციფრული მომთაბარეების" (Digital Nomad) ვიზა აამოქმედა და განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
ბულგარეთი დისტანციურად მომუშავეებისთვის მიმზიდველია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცხოვრების დაბალი ხარჯებით, ახალგაზრდული ქალაქებით, განვითარებული დისტანციური სერვისებითა და მრავალფეროვანი ბუნებით - მთის კურორტებითა თუ ზღვის სანაპიროებით.
ვის შეუძლია ბულგარეთის Digital Nomad-ების ვიზის მიღება?
განაცხადის შეტანა შეუძლიათ არა-ევროკავშირის/EEA-ს ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ დისტანციურად და შემოსავალს ბულგარეთის ფარგლებს გარედან იღებენ. არსებობს სამი ძირითადი კატეგორია:
-
ევროკავშირის, EEA-სა და შვეიცარიის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული კომპანიების დისტანციური თანამშრომლები;
-
უცხოეთში რეგისტრირებული ბიზნესის მფლობელები ან პირები, რომლებიც კომპანიის წილის 25%-ზე მეტს ფლობენ;
-
ფრილანსერები ან დამოუკიდებელი პროფესიონალები, რომლებიც არაბულგარელ კლიენტებს მომსახურებას განაცხადის შეტანამდე, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში აწვდიდნენ.
აპლიკანტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ წლიური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ბულგარეთის მინიმალური თვიური ხელფასის (ამჟამად 620 ევრო) 50-მაგ ოდენობას შეადგენს. შესაბამისად, მოთხოვნილი წლიური მინიმუმი 31,000 ევროა.
როგორ ხდება განაცხადის შეტანა?
პროცესი ორეტაპიანია:
-
ეტაპი 1: მსურველებმა მშობლიურ ქვეყანაში, ბულგარეთის საელჩოში ან საკონსულოში D კატეგორიის გრძელვადიანი ვიზა უნდა მიიღონ. ამ პროცესს შესაძლოა 4-დან 8 კვირამდე დასჭირდეს. ეს ვიზა უცხოელებს ბულგარეთში შესვლისა და ბინადრობაზე განაცხადის გაკეთების უფლებას აძლევს.
-
ეტაპი 2: ბულგარეთში ჩასვლიდან 14 დღის ვადაში, აპლიკანტმა Digital Nomad-ის პროგრამის ფარგლებში ბინადრობის ნებართვაზე უნდა შეიტანოს განაცხადი.
საჭირო დოკუმენტაცია:
-
ბულგარეთში საცხოვრებლის დამადასტურებელი საბუთი (მაგ.: ქირავნობის ხელშეკრულება, სასტუმროს ჯავშანი ან საკუთრების მოწმობა);
-
ნასამართლობის ცნობა საცხოვრებელი ქვეყნიდან;
-
ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს ბულგარეთში ყოფნის პერიოდს და მოქმედია შენგენის/ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე;
-
უცხოური დოკუმენტების თარგმანი ბულგარულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში აპოსტილით დამოწმებული).
საბოლოო ეტაპზე "ციფრული მომთაბარეები" პირადობის მოწმობის (ID ბარათის) მიღებას შეძლებენ. მთლიანი პროცესი, შესაძლოა, სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს. ბინადრობის ნებართვა თავდაპირველად ერთი წლით გაიცემა და მისი განახლება შესაძლებელია, თუ პირი კრიტერიუმებს კვლავ დააკმაყოფილებს.




























