ევროპოლის ოფიციალური განცხადებით, ბულგარეთში კულტურული მემკვიდრეობით და არტეფაქტებით მოვაჭრე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 35 პირი დააკავეს.
ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში ეჭვმიტანილების სახლებში, ავტომობილებსა და საბანკო სეიფებში ჯამში 131 ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად, ამოღებულია 3000-ზე მეტი არტეფაქტი, მათ შორის ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ანტიკური ხელოვნების ნიმუშები, ასევე იარაღი, დოკუმენტები, ელექტრონული მოწყობილობები, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული და ოქრო. კულტურული ქონების საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტად ($116 მილიონი) არის შეფასებული.
სოფიის პროკურატურის მოადგილე ანჯელ კანევის თქმით, კრიმინალური ქსელი 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა დასავლეთ ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამოღებული არტეფაქტები შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში იქნა გადატანილი.




























