ბულგარეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვაო და საჰაერო გზით გადაადგილება ამ ქვეყნებიდან და ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს არ ეხება სახმელეთო საზღვრის კვეთას. იგივე ეხება რუმინეთსაც.
bm.ge გთავაზობთ ბულგარეთთან ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში.
ვაჭრობა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბულგარეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 26.3%-ით შემცირდა. თუ გასული წლის პირველ ორ თვეში მაჩვენებელი 48.5 მლნ აშშ დოლარი იყო, წელს საერთო ბრუნვა 35.7 მლნ აშშ დოლარია.
აქედან, 2024 წელს იმპორტი 31.8 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 56.3%-იანი ზრდაა. ექსპორტი კი, 3.8 მლნ აშშ დოლარი, რაც 88.8%-ის შემცირებაა 2023 წლის პირველ ორ თვესთან. ექსპორტის შემცირების მიზეზი მადნებისა და სპილენძის კონცენტრატების ექსპორტის განულებაა. გასული წლის იანვარ-თებერვალში, საქართველომ ბულგარეთში 33 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, წელს კი, მაჩვენებელი ნულოვანია.
რაც შეეხება სხვა პროდუქციას, 2024 წელს ხუთი საექსპორტო პროდუქციის სია ასეთია:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 1.8 მლნ აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 559.1 ათასი აშშ დოლარი;
- შესაფუთი ტომრები და პაკეტები - 430.1 ათასი აშშ დოლარი;
- საბეჭდი მოწყობილობები - 119.8 ათასი აშშ დოლარი;
- მამაკაცისა და ბიჭების პერანგები - 117.8 ათასი აშშ დოლარი.
Top-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის იანვარ-თებერვალში:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 16.9 მლნ აშშ დოლარი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 2.3 მლნ აშშ დოლარი;
- 5 პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 903.4 ათასი აშშ დოლარი;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 823 ათასი აშშ დოლარი;
- მოწყობილობები რეზინის ან პლასტმასის დასამუშავებლად - 700.1 ათასი აშშ დოლარი.
ბულგარეთთან სავაჭრო ბრუნვის მაქსიმუმი 2022 წელს დაფიქსირდა, 626.8 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის მაჩვენებელი კი, 467.3 მლნ აშშ დოლარი იყო.
FDI
2023 წელს საქართველოში 7.2 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აქამდე, ბულგარეთიდან ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა ესეც ძალიან მცირე მოცულობაა 7.4 მლნ აშშ დოლარი.
სექტორების მიხედვით, გასულ წელს ბულგარული ინვესტიცია ჩაიდო ადმინისტრაციულ საქმიანობებში, უძრავი ქონების სექტორში და ვაჭრობაში.
ტურიზმი
გასულ წელს, ბულგარეთიდან საქართველოში 10 399 ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 44%-ით აღემატება. პანდემიამდელ მაჩვენებელს 4.7%-ით ჩამორჩება.