გერმანიის ბუნდესლიგამ გამოქვეყნებულ ანგარიშში რეკორდული შემოსავლები დაადასტურა.
Deutsche Fußball Liga-მ (DFL), რომელიც ბუნდესლიგას მართავს, განაცხადა, რომ 2024–25 წლების სეზონში გერმანიის უმაღლეს ორ დივიზიონში მოასპარეზე 36-მა კლუბმა ჯამურად 6.33 მილიარდი ევრო ($7.5 მლრდ) გამოიმუშავა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეს შედეგი 7.9%-ით მეტია წინა სეზონის 5.87 მილიარდ ევროზე, რომელიც თავის მხრივ ასევე რეკორდული იყო.
DFL-მა ასევე აღნიშნა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა მეორე დივიზიონში 2. ბუნდესლიგაში. წლიურ ჭრილში 13.1%-იანი ზრდის შედეგად ლიგამ, სადაც ისტორიულად დიდი კლუბები თამაშობენ, როგორებიცაა "კიოლნი", "ჰამბურგი" და "შალკე", ცალკე აღრიცხვით 1.21 მილიარდი ევრო დააფიქსირა.
ორივე დივიზიონის მასშტაბით, 36 კლუბიდან 28-მა მოგება აჩვენა, მაშინ როცა წინა წელს ეს რიცხვი მხოლოდ 17 იყო. ეს ადასტურებს, რომ გერმანული ფეხბურთი აგრძელებს აღდგენას Covid-19-ის პანდემიის შემდეგ, რომელმაც ფინანსები მნიშვნელოვნად დააზარალა.
უმაღლესი დივიზიონის კლუბებისთვის შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო მედია და სატელევიზიო ტრანსლაციებია ისინი საერთო შემოსავლის 33.24%-ს შეადგენენ და თითქმის 168 მილიონი ევროთი გაიზარდა. მატჩების დღიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ბუნდესლიგის კლუბების საერთო შემოსავლის 11.69%-ს შეადგენს, 75.3 მილიონი ევროთი გაიზარდა. კლუბებმა მცირე ზრდა მიიღეს რეკლამისა და მერჩენდაიზინგის მიმართულებითაც, ხოლო ტრანსფერებიდან მიღებულმა შემოსავალმა 872.6 მილიონი ევრო (11.69%) შეადგინა, რაც წინა სეზონთან შედარებით 132.2 მილიონი ევროთი ნაკლებია.
2024–25 წლების სეზონში უმაღლეს ორ დივიზიონში მოასპარეზე კლუბებმა ახალგაზრდულ და ქალთა ფეხბურთში ჯამურად 326.5 მილიონი ევრო ჩადეს, რაც ახალი რეკორდია. ამ მიმართულებით ინვესტიციები მხოლოდ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში 100 მილიონ ევროზე მეტით გაიზარდა.




























