დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, პროცესზე საქმის ერთ-ერთი მთავარმა მოწმემ ზურაბ ტუკვაძე მისცა ჩვენება.
ტუკვაძე იმ კომპანიის მფლობელია, რომლისგანაც თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო აპარატი შეისყიდა.
ადვოკატების კითხვაზე, ხომ არ აღიძრა მის წინააღმდეგ საქმე და ხომ არ ემუქრება დაკავება, ტუკვაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე არ დგას.
ტვ პირველის" ინფორმაციით, მოწმეს კითხვა დაუსვა თავად ბრალდებულმაც - ბურჭულაძემ მას ჰკითხა, რა ღირდა სამედიცინო აპარატი, რა ფასად მიჰყიდა კომპანიამ და გადაიხადა თუ არა თავდაცვის სამინისტრომ იმაზე ბევრად მეტი, რაც იყო თვითღირებულება, რაზედაც მოწმემ უპასუხა, რომ აპარატის თვითღირებულება იმაზე ნაკლები არ ყოფილა, რა ფასადაც მან სამინისტროს მიჰყიდა.
ბურჭულაძის ცოლისძმის ვასილ მხეიძის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, დღევანდელი პროცესით ნათლად გამოჩნდა მოწმესა და საგამოძიებო ორგანოს შორის დადებული გარიგების შესახებ, რაც მისი ხელშეუხებლობის გარანტი გახდა.
"დღევანდელ სხდომაზე მან აღიარა, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე აღიარა, რომ ის აცნობიერებს ამას, თუმცა, არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ მიეცა პასუხისგებაში. აღნიშნულით ნათლად დადასტურდა, რომ მოხდა გარიგება საგამოძიებო ორგანოსა და ამ პიროვნებას შორის, რომ მას აპატიებდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს, თუ ის ხელს დაადებდა სხვადასხვა პირებს, მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს. ასეთი მოწმის ჩვენება, რათქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს," - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.
სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს.
როგორც BMG-ის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა უთხრა, ამ ეტაპზე ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ჯუანშერ ბურჭულაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 4 მარტს ჩაინიშნა.




























