მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა მსხვილ შესყიდვაზე [ჯუანშერ ბურჭულაძე] იყო ინფორმირებული - ვლადიმერ ღუდუშაური

ვლადიმერ ღუდუშაური

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებითაა დაკავებული, ამბობს, რომ ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ინფორმირებული იყო. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, მან ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ბრალდების მხარემ მოწმედ წარადგინა.

მისი თქმით, იზიარებს გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიაყენე და ნანობს. ვლადიმერ ღუდუშაური აღნიშნავს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები მის დავალებას ასრულებდნენ.

„მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა შეგვესყიდა საჭირო სამედიცინო ინვენტარი, საიდუმლო შესყიდვით. ასევე, მკითხა ვიცნობდი თუ არა ზურაბ ტუკვაძეს და მითხრა, რომ მისი მითითებით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. მე საქმის კურსში ჩავაყენე გიორგი ხაინდრავა, რომელმაც მითხრა რომ მინისტრის მითითებებს მივყოლოდი. დავუკავშირდი ზურაბ ტუკვაძეს და კაბინეტში დავიბარე, როდესაც ვესაუბრე მივხვდი, რომ ჩემს ზარს ელოდებოდა. როდესაც შევხვდი შინაარსობრივი საუბარი არ გვქონია. მან გადმომცა 2 კომპანიის რეკვიზიტები და მითხრა, რომ ამ კომპანიებთან ბაზრის კვლევა მეწარმოებინა. ამის შემდეგ გორის ჰოსპიტლისგან მოვიდა შესასყიდი ტექნიკის სია, მინისტრის სახელზე, მაგრამ ტექნიკას თან არ ახლდა მახასიათებლები და მოვითხოვე ტექნიკური მახასიათებლების წარმოდგენაც. შემდეგ ჩემს სახელზე გამოაგზავნეს ნაწილი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები, რის შემდეგაც დავავალე ირაკლი მგალობლიშვილს, რომ შესყიდვები დაეწყოთ და ბაზრის კვლევა და გადავეცი ორი კომპანიის რეკვიზიტები. არცერთმა ჩემმა თანამშრომელმა არ იცოდა ჩემი და მინისტრის შეხვედრის შესახებ. ფასის კვლევა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. შემდეგ, შეიკრიბა სატენდერო კომისია და დაამტკიცა ეს კომპანია გამარჯვებულად, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ კომპანიის გადამოწმება არ მომხდარა, რადგან მინისტრის დავალება იყო.

პირველი ხელშეკრულების შემდეგ გორის ჰოსპიტალმა სხვა დანარჩენი სამედიცინო ინვენტარის მახასიათებლები წარადგინა. ამ დროს ზურაბ ტუკვაძემ მომცა კიდევ ერთი კომპანიის რეკვიზიტები. შესაბამისად, ეს კომპანია შემდეგ შესყიდვებში მონაწილეობდა. ვინაიდან ვრცელი სია იყო, გამარჯვებულად სამი კომპანია გამოცხადდა.

მე გამოცდილება სამედიცინო ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებით არ მქონია, ვერ მივხვდებოდი, რომ მათ მიერ დასახელებული ფასები, ბაზრის ფასს აღემატებოდა, მაგრამ ვინაიდან მინისტრისგან მოდიოდა დავალება, კითხვები აღარ დამისვამს. ასე, რომ არ ყოფილიყო მოვიკვლევდით ყველა კომპანიას და ვიმოქმედებდით ისე, რომ უდაბლესი ფასი მიგვეღო.

ვიზიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ჩემს დავალებას ასრულებდნენ.

ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული.

ვინაიდან თავდაცვის სამინისტროში, კომისია არ იკრიბებოდა და ეს მავნე პრაქტიკა იყო, შეუძლებელი იყო, რომ კრიტიკული აზრი დაფიქსირებულიყო.

რაც შეეხება დიდ შესყიდვებს, ეს წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო, ძირითად შემთხვევაში, მინისტრის მიერ.

ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებობს სხვა კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი სამედიცინო ინვენტარის დამზადება",- განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს.

ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე, ხოლო სხვა ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები