მიუხედავად ერთი წლის წინ დადებული პირობისა, სწრაფი კვების ობიექტების ქსელი Burger King რუსეთში ოპერირებას კვლავ განაგრძობს. Restaurants Brands International-მა (RBI), რომელიც რუსეთში სწრაფი კვების ფრენჩაიზების 15%-იან წილს ფლობს, BBC-ს განუცხადა, რომ რუსული ბაზრის დატოვების შესახებ კომპანიას განახლებები არ აქვს.
კომპანიამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ Burger King-ი რუსეთის დატოვების პროცესში იყო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთი დასავლური კომპანია რუსული ბაზრის დატოვების წნეხის ქვეშ მოექცა. კრიტიკოსები RBI-ის პუტინის რეჟიმისთვის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
Restaurants Brands International - მსოფლიოს სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი კომპანიაა. მისი წარმომადგენლის თქმით, რუსულ მხარესთან დადებული ფრენჩაიზის შეთანხმება “ჩახლართულია” და ქვეყნის დატოვების პროცესს ართულებს, რადგან შეთანხმება 800 სხვადასხვა რესტორანთან პარტნიორობით გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ RBI-ის წარმომადგენლის თქმით, კანადურ-ამერიკულ კომპანიას რუსული Burger King-ისგან მოგება 2022 წლიდან არ მიუღია და არც ქსელის განვითარებაში დებს დამატებით ინვესტიციებს, თუმცა YELE-ის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომლებიც უკრაინის ომს იკვლევენ, აცხადებენ, რომ კომპანია ფრენჩაიზის შეთანხმებას მხოლოდ მიზეზად იყენებს და, რეალურად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 18 თვის შემდეგ ოპერირებას ჩვეულებრივ განაგრძობს, რითაც პუტინის რეჟიმს უზრუნველჰყოფს.
აღსანიშნავია, რომ სხვა მსოფლიოს უმსხვილესმა ბრენდებმა, მათ შორის Burger King-ის მთავარმა კონკურენტმა McDonalds-მა, Starbucks-მა და KFC-იმ რუსეთის ბაზარი დატოვეს.
ვინ მართავს რუსულ Burger King-ს?
BBC-ის ინფორმაციით, სწრაფი კვების ქსელის ფრენჩაიზს რუსეთში RBI-ის გარდა სამი მეწილე ჰყავს.
- ბიზნესმენი ალექსანდერ კობოლოვი - 800-მდე რესტორნის 30%-იანი წილის მფლობელი. მისი თქმით, რუსეთში Burger King-ის ოპერირების შეწყვეტაზე ის პასუხისმგებელი არ არის და არც ამის უფლებამოსილება აქვს.
- ICU Group - უკრაინული საინვესტიციო ფირმა, რომელიც ქსელის 35%-იან წილს ფლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ICU რუსული ბაზრიდან გამოსვლის პროცესის ფინალურ ეტაპზეა, თუმცა საერთო ბიზნესსა და ფრენჩაიზის შეთანხმებაზე მას გავლენა არ აქვს.
- VTB Capital - რუსეთის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის, VTB Bank-ის წევრი კომპანიაა, რომელიც დასავლეთის მიერაა სანქცირებული.