მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა ევროპისგან უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალის ანაზღაურება მოითხოვა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპული ქვეყნებისგან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინისთვის მიწოდებული საბრძოლო მასალის საფასურის სრული ანაზღაურება მოითხოვა.

თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ კიევმა და NATO-მ ასობით მილიარდი დოლარის უსასყიდლო სამხედრო დახმარება მიიღეს და რომ ევროპას ამ ხარჯების დაფარვა მოუწევს. დონალდ ტრამპმა პოსტში შეიარაღების დეფიციტზეც ისაუბრა და ამაში წინა ადმინისტრაცია ღიად დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული შეიარაღების მარაგების სიმწირის შესახებ დისკუსია მნიშვნელოვნად გაამწვავა ირანთან კონფლიქტმა, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება. კვლევითი ორგანიზაცია CSIS-ის მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ აშშ-ის არმიამ 1,500-მდე Patriot-ის ტიპის ჩამჭრელი რაკეტა გამოიყენა. ამ ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის არსენალში ამ ტიპის 1,000-ზე ნაკლები რაკეტა დარჩა. ამავე ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, THAAD-ის ტიპის რაკეტების რაოდენობა 452-დან 300 ერთეულზე ბევრად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

საყურადღებოა, რომ შეიარაღების დეფიციტში წინა ადმინისტრაციის დადანაშაულების პარალელურად, დონალდ ტრამპმა საბრძოლო მასალის ამოწურვის თაობაზე გავრცელებული ცნობები კატეგორიულად უარყო და მსგავს შეფასებებს „ღალატი“ უწოდა. პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო და მაღალი კლასის საბრძოლო მასალის „ფაქტობრივად შეუზღუდავ რაოდენობას“ ფლობს.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ პენტაგონი საკუთარ რეზერვებს ინტენსიურად ავსებს. ტრამპის შეფასებით, კრიტიკოსები და მედიასაშუალებები დეფიციტის შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ, რათა მისი პოლიტიკური გამარჯვების ნაცვლად ამერიკის მარცხი იხილონ.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ვაშინგტონმა უკრაინას რუსეთთან ომში მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. დონალდ ტრამპი ამ პოლიტიკას თეთრ სახლში დაბრუნებამდე და დაბრუნების შემდეგაც სისტემატურად აკრიტიკებდა. გასულ წელს კი თეთრი სახლი და ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ სპეციალურ მოდელზე, რომლის მიხედვითაც კიევისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებას კიევის მოკავშირეები დააფინანსებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები