მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუსტერ დოზების ინტერვალი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის შემცირდება - ჩხაიძე

61a762db01043
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.21 00:12
1253
ვაქცინაციის ბუსტერ დოზების ინტერვალი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის შემცირდება - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, საკითხთან მიმართებით დასკვნას ექსპერტთა ჯგუფი ხვალისთვის დადებს, ხოლო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ბუსტერ დოზების გააქტიურების რეკომენდაციას კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. ის იმ ცვლილებებს განმარტავს, რომელიც ექსპერტთა დასკვნის შემდეგ მოხდება.

„ეს რეაგირების ერთ-ერთი ფორმაა, რაც ომიკრონის გავრცელებას მოჰყვა. მსოფლიოში ყველა ქვეყანამ გარკვეული ღონისძიებების პაკეტი შეიმუშავა, რათა მზად იყოს ამ ვარიანტის გავრცელებისთვის, ვინაიდან დარწმუნება იმის, რომ საქართველოში კორონავირუსის ეს მუტაცია არ შემოვა არავის აქვს, უბრალოდ დროის ფაქტორია - როდის დაფიქსირდება პირველი შემთხვევა. ის გადაწყვეტილება, რასაც ჯანმო გვთავაზობს ბუსტერ დოზების გააქტიურებაა, ვინაიდან ბუსტერ დოზის შედეგად მიღებული იმუნური პასუხი „ომიკრონის“ წინააღმდეგ საკმარისი უნდა აღმოჩნდეს. ამ მიმართულებით 6-თვიანი პერიოდის შემცირება იქნება.

დღეისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, ასევე „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში 6-თვიანი პერიოდი გვაქვს აღებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ჩვენი რეკომენდაციაა ეს პერიოდი 5 თვემდე შემცირდეს, ხოლო თუ „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ვიყენებდით პირველ და მეორე დოზად, აქ ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვქონდა, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში იყო 3 თვე, ხოლო 60 წლამდე იყო 6 თვე, შეიცვლება და უახლოეს დღეებში „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან ბუსტერის გაკეთება 3 თვეში იქნება შესაძლებელი, ხოლო „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის ნაცვლად ინტერვალი 5 თვემდე შემცირდება. თუ მომავალში დამატებითი ინფორმაცია გამოჩნდება 5-თვიანი პერიოდის კიდევ მეტად შემცირება შესაძლებელია“, - განმარტა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები