ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლის, BYD-ის პრემიუმ ბრენდის Yangwang-ის ელექტრონულმა ჰიპერქარმა, U9 Xtreme-მა აბუ-დაბიში 503.17 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და 500 კმ/სთ-იან ზღვარს გადაცილებული პირველი სერიული ავტომობილი გახდა.
მრბოლელ მარკ ბასენგის მიერ დამყარებული ეს შედეგი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ, FIA-მ და გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ცალმხრივი გარბენის კატეგორიაში ოფიციალურად აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ გარბენისთვის შეიხ ხალიფა ბინ ზაიდის სახელობის E11 საერთაშორისო ავტომაგისტრალზე 7-კილომეტრიანი სწორი მონაკვეთი გადაიკეტა. საყურადღებოა, რომ მცდელობის პირველ დღეს მრბოლელმა მხოლოდ 490 კმ/სთ-ის დაფიქსირება შეძლო, თუმცა მომდევნო მცდელობისთვის ინჟინრებმა აეროდინამიკური პარამეტრები და საბურავების წნევა დააკორექტირეს და რეკორდულ შედეგს ასე მიაღწიეს.
ინფორმაციისთვის, Yangwang U9 Xtreme-ი ოთხი დამოუკიდებელი ელექტროძრავით არის აღჭურვილი. ძრავების ჯამური სიმძლავრე 2,220 კილოვატს, ანუ 3,000-ზე მეტ ცხენის ძალას შეადგენს. მოდელი 1,200-ვოლტიან ელექტროარქიტექტურასა და BYD-ის Blade Battery-ის ლითიუმ-რკინა-ფოსფატურ ელემენტებს ეფუძნება, მაღალი სიჩქარის სტაბილურობისთვის კი ავტომწარმოებელი Giti Tire-ის სპეცსაბურავებს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელი ამ ჰიპერქარის მხოლოდ 30 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს, თითოეული მოდელის ფასი კი დაახლოებით $3 მილიონი იქნება.
ინფორმაციისთვის, Yangwang U9 Xtreme-მა ახალი რეკორდით საკუთარივე წინა მაჩვენებელი გააუმჯობესა. 2025 წლის სექტემბერში, გერმანიის ATP Papenburg-ის პოლიგონზე ამ მოდელმა 496.22 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა და Bugatti Chiron Super Sport 300+-ის მიერ ნაჩვენები 490.48 კმ/სთ-იანი რეკორდი დაფარა.























