მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD-ის მოგება ბოლო კვარტალში 20.5%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BYD

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა BYD-მა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში წარადგინა. არსებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 344.8 მილიარდი იუანი ($51.26 მლრდ.) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.1%-ით ნაკლები აღმოჩნდა.

ამასთან, ავტომწარმოებლის წმინდა მოგება 20.5%-ით შემცირდა და მხოლოდ 12.3 მილიარდი იუანი ($1.83 მლრდ.) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებლების მარჟებზე უარყოფითი გავლენა ჩინეთის შიდა ბაზარზე შესუსტებულმა მოთხოვნამ, გამწვავებულმა კონკურენციამ და ნედლეულსა თუ ჩიპებზე გაზრდილმა ხარჯებმა იქონია. თუმცა, ამ გამოწვევების მიუხედავად, საზღვარგარეთის მიმართულებით BYD-ის ექსპორტი 67.8%-ით გაიზარდა და 792,000 ავტომობილს გადააჭარბა.

პარალელურად, პრემიუმ სეგმენტის ბრენდების - FANGCHENGBAO-ს, Denza-სა და Yangwang-ის ჯამური გაყიდვები 61%-ით გაიზარდა. ამ ბრენდებმა კომპანიის სამგზავრო ავტომობილების მთლიანი გაყიდვების 12.8% შეადგინა.


რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, საინვესტიციო ბანკ Citi-ს ანალიტიკოსები მესამე კვარტალში BYD-ის ძირითადი მოგების 13.5 მილიარდ იუანამდე გაზრდას ელიან. მათივე შეფასებით, ავტომწარმოებლის მთლიანი წლის წმინდა მოგება 41.2 მილიარდ იუანს ($6.2 მლრდ.) მიაღწევს, რაც ბაზრის საერთო მოლოდინს 8%-ით გადააჭარბებს.

ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე BYD-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა.

ცნობისთვის, BYD-ი არის ჩინეთის უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია, რომელიც გლობალურ ბაზარზე გაფართოებას აქტიურად აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები