TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი Nvidia-ს უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომას მალაიზიის გავლით მიიღებს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ByteDance-ი აქტიურად მუშაობს აზიურ კომპანია Aolani Cloud-თან, რათა მალაიზიაში Nvidia Blackwell-ის 500-მდე გამომთვლელი სისტემა განათავსოს. აღნიშნული პროექტი ჯამურად 36,000-მდე B200 ჩიპის შეძენასა და ერთიან სისტემად აწყობას გულისხმობს და მისი სავარაუდო ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
WSJ-ის ცნობით, ByteDance-ი ამ მძლავრი რესურსის გამოყენებას ხელოვნური ინტელექტის კვლევებისა და განვითარებისთვის გეგმავს, რათა AI სერვისებზე გლობალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მედიაში გაჩნდა კითხვები, რამდენად დართავს Nvidia Aolani Cloud-ს უფლებას, შტატების მიერ შეზღუდული პროდუქტი ჩინურ ტექ-გიგანტს მიაწოდოს. თავად ამერიკულ კომპანიაში ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ, თუმცა Aolani-ს წარმომადგენლებმა WSJ-ს უთხრეს, რომ კომპანია სრულად იცავს საექსპორტო კონტროლის ყველა რეგულაციას და არავითარ კანონს არ არღვევს.
Aolani-ში აცხადებენ, რომ მათი კომპანიის მიზანი მხოლოდ ღრუბლოვანი სერვისების აზიისა და სხვა დაინტერესებული რეგიონებისთვის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ თავად ეს ფირმა ამჟამად მხოლოდ $100 მილიონის ღირებულების აპარატურას ფლობს, ByteDance-თან თანამშრომლობამ კი შესაძლოა ის რეგიონში სერვისების ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად აქციოს.
გასულ თვეში აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ByteDance-ის მიერ Nvidia-ს გაცილებით სუსტი, H200 ჩიპების შესყიდვა დაუშვებდა, თუმცა Blackwell-ის გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. სავარაუდოა, რომ გახანგრძლივებული და გაჭიანურებული პროცესის გვერდის ასავლელად და AI რბოლაში პოზიციების აღსადგენად ჩინურმა ტექ-კომპანიამ სწორედ ამ ალტერნატივას მიმართა.




























