Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი კიდევ ერთხელ დაიბრუნა.
ამჟამად Apple-ის კაპიტალიზაცია $5.11 ტრილიონს შეადგენს, მიკროჩიპების მწარმოებელი NVIDIA-ს საბაზრო ღირებულება კი $4.98 ტრილიონამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი კომპანია iPhone-ების მწარმოებელი Apple-ია.
ლიდერებს შორის ადგილების ცვლილება პირდაპირ კავშირშია AI-ინდუსტრიასთან დაკავშირებული კომპანიების აქციების შემცირებასთან. კერძოდ, 6 ოქტომბერს დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, NVIDIA-ს შეფასება 14%-ით დაეცა, ხოლო ამავე პერიოდში Apple-ის კაპიტალიზაცია 4.5%-ით გაიზარდა.
დინამიკას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში Apple-მა ახალი iPhone-ები, MacBook-ები და სხვა მოწყობილობები წარადგინა, რაც სადღესასწაულო პერიოდის მოახლოების ფონზე ინვესტორებში გაყიდვების ზრდის მოლოდინებს აჩენს.
თავად AI-ინდუსტრიის დაღმასვლა თავისუფალი ფულადი ნაკადების შემცირებას, კაპიტალური დანახარჯების ზრდას და საპროცენტო განაკვეთების ზეწოლას უკავშირდება. ინვესტორები შიშობენ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში მრავალმილიარდიანი ინვესტიციების გაღება ექსპერიმენტული ტექნოლოგიის მიმართულებით, შესაძლოა, სარისკო გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.
























