CAMEX Airlines-მა თბილისის აეროპორტთან სატვირთო ჰაბის მოწყობის საინვესტიციო პროექტი დროებით შეაჩერა.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, მიზეზი თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენების ინიციატივაა.
თბილისის აეროპორტთან საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის ე.წ exchange hub-ის აშენების საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარი იყო.
„პროექტი გულისხმობს საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის ე.წ exchange hub-ის მოწყობას ანუ გაცვლითი საწყობის აშენებას, სადაც დანაწილდება ტვირთები. ადგილზე ფიზიკური სამუშაოებიც დაწყებული იყო, მაგრამ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაანონსებამ, ჩვენი გეგმები შეაჩერა. ველოდებით როგორ განვითარდება სიტუაცია და ამის შემდეგ აუცილებლად განვაახლებთ სამუშაოებს“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
რაც შეეხება თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას, CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი იდეას იწონებს, რადგან მიაჩნია, რომ მოქმედი აეროპორტი ოპერირების კუთხით შეზღუდულია.
რამდენადაც ვიცი, ახალი აეროპორტის პროექტზე საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას სწორედ პროფესიონალების მიერ მომზადებულ კვლევაზე დაყრდნობით გამოაცხადებს“, - დასძინა მან.