მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტი | პროცესს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეცნო

აეროპორტი

"ტავ ჯორჯიას" მენეჯმენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მასშტაბური გაფართოების პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ თამარ იოსელიანს მოფრენისა და გამგზავრების ტერმინალების გაფართოების სამუშაოები დაათვალიერებინა, ასევე ადგილზე გააცნო აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები, მათ შორის - ახალი ბაქნისა და სამიმოსვლო ბილიკის მოწყობის პროცესი.

აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები.

აეროპორტის მმართველ კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფართოების მასშტაბური პროექტის სამუშაოები დადგენილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს:

დასრულებულია სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა, რომელიც დიდგაბარიტიანი (F კოდი) საჰაერო ხომალდების მომსახურებაზეა გათვლილი. ეს ნაწილი ექსპლუატაციაში მალე შევა. ხაზგასასმელია, რომ აეროპორტი F კოდის საჰაერო ხომალდებს არსებული ინფრასტრუქტურით ამჟამადაც სრულფასოვნად ემსახურება, ახალი ბილიკის ამოქმედება კი გამტარუნარიანობასა და ოპერაციულ მოქნილობას კიდევ უფრო გაზრდის.

აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოების ფარგლებში ასევე შენდება 65 000 მ² ფართობის ახალი ბაქანი, რომელიც 7 საშუალოგაბარიტიანი (C კოდის) ან 3 დიდგაბარიტიანი (F კოდის) საჰაერო ხომალდის სადგომებზე იქნება გათვლილი. ახალი ბაქნის მშენებლობის დასრულება 2027 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

ცნობისთვის: თბილისის აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში "ტავ ჯორჯიას" ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. მისი დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად არსებული ტერმინალის 37 500 მ² ფართობს კიდევ 21 500 მ² დაემატება. გაორმაგდება და ათამდე გაიზრდება ჩასხდომის ხიდების რაოდენობა, მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი სადგომი. ტერმინალში დაემატება 9 სარეგისტრაციო დახლი, საპასპორტო კონტროლის 22 პუნქტი და ორი საბარგო კარუსელი. არსებული ზონები განახლდება და შეიქმნება ახალი კომერციული სივრცეები მგზავრთა გამოცდილების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად - განსაკუთრებული აქცენტით ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოჩენაზე. გაიზრდება ტერმინალის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომის გამტარუნარიანობაც და ის დამატებით 500 ავტომობილს დაიტევს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის პარალელურად, რენოვაციისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.

"ტავ ჯორჯია" 21 წელია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ააშენა და განავითარა 2 საერთაშორისო საჰაერო კარიბჭე და კვალიფიციური საკადრო რესურსი შექმნა. კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე დაამკვიდრა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები და ხელი შეუწყო კადრების კვალიფიკაციის ზრდას საქართველოს სააეროპორტო ინდუსტრიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები