მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Camille Bloch-მა სიღნაღში 40 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა - სამინისტრო

613776fe1d9f3
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 19:25
856
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის „Camille Bloch” პრეზიდენტ დანიელ ბოშს შეხვდა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის ინოვაციური გზით წარმოების პროექტი წარადგინეს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შვეიცარიული კომპანიის პრეზიდენტმა, დანიელ ბოშმა აღნიშნა, რომ საქართველოს თხილის წარმოების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თხილის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. „Camille Bloch” წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქართულ მხარესთან თხილის წარმოებაში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გამოცდილების გაზიარების კუთხით ითანამშრომლონ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

„თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც თხილის წარმოება, ასევე მისი ხარისხი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ წარმატებული ევროპული გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ „Camille Bloch” კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია, თხილის პირველ მოსავალს, 2025 წლისთვის ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები