მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cathedral-ის აგენტებმა Anthropic-ის სისტემებში 12 საათში შეაღწიეს

anthropic

აშშ-ის DOGE-ის სამსახურის ყოფილი თანამშრომლების მიერ შექმნილი სტარტაპის, Cathedral-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა Anthropic-ის შიდა ქსელში შეღწევა 12 საათზე ნაკლებ დროში შეძლეს.

The Washington Post-ის მიერ მოპოვებული ანგარიშის თანახმად, მკვლევრებმა წვდომა მოიპოვეს შეხვედრების ჩანაწერებზე, თანამშრომელთა სახელფასო მონაცემებსა და იმ Slack-ის შეტყობინებებზე, სადაც Anthropic-ის მოწინავე მოდელებს განიხილავდნენ.

საყურადღებოა, რომ Anthropic-მა სისტემაში შეღწევა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ თავდასხმა მხოლოდ გაყიდვებისა და საკადრო მიმართულების შეზღუდულ სისტემებს შეეხო. კომპანიის განცხადებით, მკვლევრებს მომხმარებელთა პირად მონაცემებზე, მოდელის საწყის კოდსა და მის პარამეტრებზე წვდომა არ ჰქონიათ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Cathedral-მა შეღწევისთვის გამოიყენა მესამე მხარის ის ბიზნესპროგრამები, რომლებსაც Anthropic-ი ადმინისტრაციული საქმიანობისთვის იყენებს.

თავად დარიო ამოდეის კომპანიამ შეღწევის დაფიქსირებიდან მალევე დაუცველი არხები გათიშა, ხარვეზების აღმოფხვრამდე შესაბამისი პროგრამების მუშაობა კი შეაჩერა და მომხდარის შესახებ ფედერალურ უწყებებს აცნობა.

რაც შეეხება თავად Cathedral-ს, ის რამდენიმე თვის წინ შექმნილი კიბერუსაფრთხოების სტარტაპია, რომლის დამფუძნებლებიც აშშ-ის DOGE-ის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არიან. სტარტაპმა ივლისში $160 მილიონის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რის შემდეგაც მისმა საბაზრო შეფასებამ $1.4 მილიარდი შეადგინა.

კომპანიას Andreessen Horowitz-ი და Sequoia Capital-ი აფინანსებენ, თავად სტარტაპი კი მიზნად სამხედრო კიბერშესაძლებლობების შექმნას ისახავს. Cathedral-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გევინ კლიგერი მანამდე პენტაგონის მონაცემთა მთავარი ოფიცრის პოსტს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები