მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Anthropic AI-ის ისტორიული IPO-ს ფონზე საფონდო ბირჟა დაეცა – რა ხდება უოლ-სტრიტზე

Anthropic

ხელოვნური ინტელექტის გიგანტმა Anthropic-მა Nasdaq-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში უმსხვილესი, $81-მილიარდიანი IPO განახორციელა და SpaceX-ის ივნისის $75-მილიარდიანი რეკორდი მოხსნა. თუმცა ეს ტრიუმფი ბირჟაზე პანიკის შესაჩერებლად საკმარისი მაინც ვერ აღმოჩნდა. მაშინ, როცა Anthropic-ის აქციები სადებიუტო დღეს 17%-ით გაიზარდა და კაპიტალიზაციამ პიკურ $1.8 ტრილიონს მიაღწია, ამერიკული ბირჟა მკვეთრად დაეცა, ტექნოლოგიური Nasdaq-ის ინდექსი კი კორექციის ფაზაში შევიდა.

Anthropic-ის IPO-ს საწყისი ფასი $83 იყო, ვაჭრობა $111 დოლარზე +34%-ით გაიხსნა, პიკზე კი $115-ს მიაღწია და დებიუტის დღეს $97 დოლარზე დაიხურა. მართალია, IPO-ს დინამიკა პოზიტიური იყო, თუმცა ის იმდენად მაღალი ვოლატილობით გამოირჩეოდა, რომ ამ განთავსებას რთულია, წარმატებული ვუწოდოთ.

მერყევობის მიუხედავად, ისტორიულმა IPO-მ Anthropic-ის შვიდივე თანადამფუძნებლის (დარიო ამოდეის, დანიელა ამოდეის, ტომ ბრაუნის, ჯეკ კლარკის, ჯარედ კაპლანის, სემ მაკკენდლიშისა და კრისტოფერ ოლას) ქონება თითოეულის შემთხვევაში დაახლოებით $20 მილიარდით გაზარდა, რითაც ისინი რუპერტ მერდოკის ოჯახის გვერდით აღმოჩნდნენ.

მილიონერი გახდა კომპანიის 5,300 თანამშრომლის უმრავლესობაც, ხოლო რიგითი თანამშრომლის ქონებამ $40 მილიონს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ Anthropic-ზე მდიდარი თანამშრომლები საშუალოდ არცერთ სხვა კომპანიას ჰყავს.

ტრადიციული ინვესტორებისგან მომავალი სკეპტიციზმის მიუხედავად, Anthropic-ის ფინანსური შედეგები შთამბეჭდავია. 2025 წლის $5-მილიარდიანი შემოსავლის შემდეგ 2026 წლის ცხრა თვეში კომპანიამ $33 მილიარდი გამოიმუშავა. წლიური ზრდის ტემპი 1,100%-ს აჭარბებს, ხოლო სამიზნე შემოსავალი 2026 წელს - $55 მილიარდს, 2027 წელს - $135 მილიარდს, 2030 წლისთვის კი $500 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო სამიზნე ზრდის დონე 150%-ით არის განსაზღვრული.

ასეთი მოლოდინები ანალიტიკოსებს იმიტომ აქვთ, რომ AI-ბაზარზე Anthropic-ი უნიკალური მოთამაშეა. კონკურენტებისგან განსხვავებით, Anthropic-ის მთავარი უპირატესობა კორპორაციული კლიენტები, B2B-სერვისები და IT-დეველოპერების ლოიალობაა. Claude-ს S&P 500-ში შემავალი თითქმის ყველა მსხვილი კომპანია იყენებს. IPO-თი მოზიდული კაპიტალი კი გამოთვლითი სიმძლავრეების გაფართოებასა და ახალი თაობის ავტონომიური AI-აგენტების შექმნას მოხმარდება.

ერთი საკითხი, რომელიც ინვესტორებს აშფოთებს, კომპანიის ვალდებულებებს უკავშირდება. Anthropic-ს 2045 წლამდე მონაცემთა ცენტრებზე დაახლოებით $1 ტრილიონის საიჯარო ვალდებულებები აქვს აღებული, რითაც ის სრულფასოვანი აგენტური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას გეგმავს. მართალია, გეგმა შთამბეჭდავია, თუმცა თავად ტრილიონიანი ვალდებულება - ნამდვილად შემაშფოთებელი.

Anthropic-თან მიმართებით თავად უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების აზრიც ორად იყოფა. ოპტიმისტებს სჯერათ, რომ რევოლუციური ტექნოლოგია Anthropic-ს მომავალშიც 100%-ზე მაღალი ტემპით ზრდის საშუალებას მისცემს. სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ასეთი მაღალი საბაზრო შეფასება შეცდომის უფლებას არ იძლევა და $1-ტრილიონიანი ვალდებულებების მომსახურება OpenAI-ის, Google Gemini-ს, SpaceXSI-ს, Meta AI-ისა და ჩინური მოდელების კონკურენციის ფონზე რთული იქნება.

ბაზარზე არსებულ ვითარებას რთულია, პოზიტიური ან IPO-სთვის ხელსაყრელი ვუწოდოთ. Nasdaq-ის ინდექსი უკვე 15%-ითაა შემცირებული, ხოლო ნახევარგამტარებისა და ჩიპების ინდექსის ვარდნის მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.

თავად ამ ვარდნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ტექნოლოგიურ ბაზარზე განწყობის გაუარესება Nvidia-სა და მისი ყოფილი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის გარშემო აგორებულმა სკანდალმა გაამწვავა. ამას დაემატა AMD-ს ჩინურ კომპანიებთან კავშირის ბრალდებები და მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეფერხების მოლოდინი, რასაც როგორც გაძვირებული კრედიტი, ასევე ამერიკაში შეცვლილი პოლიტიკური კლიმატი განაპირობებს.

ამ ყველაფერთან ერთად, ინვესტორებს აშინებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი და AI-ბუშტის არსებობის რისკებიც, რაც საბოლო ჯამში, ტექნოლოგიური სექტორის მიმართ ინტერესს ამცირებს.

თუკი უოლ-სტრიტის წამყვან ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, Anthropic-ის რეკორდულმა IPO-მ მის თანადამფუძნებლებსა და ადრეულ ინვესტორებს უდიდესი ფინანსური სარგებელი მოუტანა, თუმცა თავად ამ მოვლენამ AI-ტრეიდის გადარჩენა და ტექნოლოგიურ ბაზარზე ინვესტორების განწყობის გაუმჯობესება ვერ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები