მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Cellfie-მა აუქციონში გაიმარჯვა - მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ₾23.6 მილიონად სიხშირეებს დაამატებს

სელფი მობაილი

"სელფი მობაილმა" გაიმარჯვა კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ 4 აუქციონში, რომლებიც სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიას შეეხებოდა. ამ გამარჯვებით კომპანიამ 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში სიხშირეები შეიძინა, რომელთა საფასურმაც ჯამში 23 598 970 ლარი შეადგინა.

სიხშირეების დამატებით, კომპანიას საკუთარი მომსახურების სიხშირეების გაფართოება და სერვისის გაუმჯობესება შეეძლება. ამასთან, კომპანიამ აიღო ვალდებულება საკუთარ ქსელზე დაუშვას MVNO ოპერატორი, რის შედეგადაც "სელფიმ" აუქციონზე კომუნიკაციების კომისიის მიერ განსაზღვრული 20%-იანი ფასდაკლება მიიღო.

აუქციონში გამარჯვების შედეგად კომპანია ვალდებული იქნება 2026 წლის 31 დეკემბრამდე ქვეყნის დასახლებული ტერიტორიის 90%-ს არანაკლებ 28.65 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურება მიაწოდოს.

"კომპანია „სელფი მობაილის“ მომართვის საფუძველზე, ComCom-ის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული იყო 6 აუქციონი, მათ შორის 4 აუქციონი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 2 აუქციონი 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში აბსტრაქტულ ლოტებზე. საგულისხმოა, რომ „სელფი მობაილმა“ ლოტები 40%-იანი ფასდაკლებით იყიდა. კერძოდ, კომპანიამ 20%-იანი ფასდაკლება მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების მაღალი სიჩქარის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულების, ხოლო დამატებით 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულების არჩევის საფუძველზე მიიღო.

კომპანია ვალდებული იქნება 2026 წლის 31 დეკემბრამდე მის მფლობელობაში არსებული 2100 მჰც სიხშირული დიაპაზონით თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 28.65 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურება უზრუნველყოს. ხოლო, აუქციონში მოპოვებული 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით, თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 25 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მომსახურება უზრუნველყოს,"- ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, "სელფი მობაილს" ქვეყნის მასშტაბით 1,342,904 აბონენტი ჰყავს, რითიც მობილური ტელეკომუნიკაციის ბაზარზე 22.8%-ის წილი უჭირავს. კომპანიამ 2025 წლის 9 თვეში ჯამურად 120.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდით "სელფი" უსწრებს როგორც "მაგთის" (6.2%) ასევე "სილქნეტს" (6.1%). თუმცა ჯამურად სელფის ბაზრის მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 17.6% უჭირავს, რაც განპირობებულია იმით, რომ კომპანიის ARPU ანუ ერთი მომხმარებლიდან მიღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავალი (10.65 ლარი) უფრო დაბალია, ვიდრე "სილქნეტის" (13.30) და "მაგთის" (15.74 ლარი) საშუალო ყოველთვიური შემოსავალი. აღნიშნული მიმართულების გაუმჯობესებას კომპანია სერვისის გაუმჯობესების და მომხმარებელზე მორგებული სერვისების მიწოდებით გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები