მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„CFD არ არის გარანტია, რომ პროექტი აშენდება“ - მარიამ ჩახვაშვილი

6393397a711f4
ელენე გოგბერაშვილი
09.12.22 20:35
928
მთავრობა განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდამჭერი მექანიზმის ფარგლებში პირველ სიმძლავრის აუქციონს, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გამოაცხადებს. ESCO, რომელიც cfd სქემის აღმასრულებელი რგოლია, ამ მექანიზმის მიზნების განხორციელებისთვის ახალ ფონდს, სახელწოდებით საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას დააფუძნებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია საუბარი. ამავე წყაროს მიხედვით, CfD კონტრაქტების ე.წ. strike ფასი 7 ცენტს შეადგენს.

ESCO ფასთა სხვაობას, იგივე საბითუმო ფასზე დამატებას გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საბითუმო ფასი ნაკლებია cfd ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე. ესკოსთვის კი ფასთა სხვაობა გადაიხდება, როცა ელექტროენერგიის საბითუმო ფასი მეტია cfd ტარიფზე.

ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები, CfD სქემაში რამდენიმე გამოწვევას ხედავენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ სახელმწიფო ინვესტორს წინასწარ სთხოვს გამომუშავების დაფიქსირებას, მაშინ, როცა ტექნიკურ ეკონომიკური კვლევით ამის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია.

მთავრობის მიერ გასაჯაროებული განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი მექანიზმის დოკუმენტში განმარტებულია, რომ თუ დაინტერესებული პირის მიერ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობა 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები იქნება, მას მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში შემოთავაზებული ტარიფი 10%-ით შეუმცირდება. ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებს შენიშვნა სწორედ აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით აქვთ.

„სირთულე, რასაც ამ სქემაში ვხედავთ არის ის, რომ პროექტის წინარე ეკონომიკური დასაბუთების დროს ინვესტორებს სთხოვენ, რომ დააფიქსირონ ფასი, რომელზეც შემდეგ ასეთი დათქმაა დადგენილებაშიც, რომ თუ გენერაცია 10%-ით ნაკლები იქნება ტარიფს დააკლდება რაღაც მოცულობა, თუ 15%-ით ნაკლები იქნება ტარიფს დააკლდება უფრო მეტი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური დასაბუთების დროს ინვესტორებმა უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, როგორი იქნება მათი გენერაცია, ეს რომ მათ შეძლებოდათ მაშინ ე.წ ფიზიბილითის არ ერქმეოდა ფიზიბილითი და იქნებოდა სრული ტექნიკური დოკუმენტაცია.

პროექტი იმიტომ გადის ეტაპებს, რომ ჰიდროლოგიური მონაცემები და გენერაცია როგორი იქნება არის ისეთი საკითხი, რომელიც ყველა ეტაპზე უფრო და უფრო ზუსტდება, ამიტომ პასუხისმგებლობის აღება ასე პროცენტების დონეზე გენერაციაზე საკმარისად რთულია.

რას გავაკეთებდი მე რომ ინვესტორი ვიყო? ან ბიჯს გავაკეთებდი უფრო მაღალ თანხაზე, ვიდრე რეალურად მზად ვარ ამ დაკლებულ ტარიფზეც ვიყო კმაყოფილი, თუ რა თქმა უნდა მოცულობა მომცემს საშუალებას და არ მეშინია კონკურენციის ან ნაკლებ მოცულობაზე შევიტანდი განაცხადს, რომ უკვე გარანტირებულად ვიცოდე ეს მოცულობები რამდენია და შეიძლება არ მოგვცეს სურათი მოცულობებზე, რა მოლოდინიც გვქონდა“,-აცხადებს G&T-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი.

ის სხვა გამოწვევებზეც საუბრობს, რაზეც მთავრობის მიერ წარმოდგენილი დადგენილება გადაწყვეტის გზებს არ გვთავაზობს.


„კითხვა მიჩნდება სხვა მიმართულებით რას ვშვებით? იგივე ქსელთან დაერთება როგორ ხდება. ვინც აუქციონში გაიმარჯვებს აქვს მნიშვნელობა ტერიტორიულად სად არის ეს პროექტი თუ არა? ტერიტორიულად სხვადასხვა პროექტს სხვადასხვა დისტანცია, ხარჯი სჭირდება, რომ ქსელს დაუერთდეს, ეს რამდენად იქნება გათვალისწინებული მათ სატარიფო განაცხადის დროს? მე როგორც ვიცი არა. ანუ გეოგრაფიული მდებარეობა ქსელის გაძლიერება ამ სქემაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა“,-ამბობს ჩახვაშვილი და კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს, რას საზოგადოების განწყობებს უკავშირდება.

„მოსახლეობა არის ცალკე დიდი თემა, რომელსაც სულ სხვანაირი დიდი მხარდაჭერა სჭირდება მთავრობის მხრიდანაც, მოსახლეობის მხრიდანაც, არასამთავრობო ორგანიზაციების და ყველას მხრიდან, რადგან ეს არის საზოგადოების მხრიდან გამოწვეული პრობლემა და ისევ საზოგადოებამ და მთავრობამ, რომელიც არის საზოგადოების დანიშნული, უნდა გააკეთოს ამ პრობლემის ადრესაცია.
რეალურად CFD არ არის გარანტია, რომ პროექტი აშენდება. ეს არის გარანტია, რომ მეტი შანსი აქვთ, რომ დაფინანსება მოიპოვონ და მეტი შანსი აქვთ გავიდნენ ბოლომდე, მაგრამ ეს სოციალური დაბრკოლებები, ხაზთან დაერთების დაბრკოლებები... ამას თუ არ მივხედეთ რამენაირად, მაშინ ისევ ვერ გავლენ ბოლომდე ეს პროექტები“,-ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები