რუსული ენერგოგიგანტი Inter RAO 1-ლი ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ექსპორტს აზერბაიჯანში, ჩინეთსა და მონღოლეთში შეაჩერებს ან შეზღუდავს, თუ კონტრაგენტები 7%-ით გაზრდილ ფასს არ გადაიხდიან. Inter RAO აფრთხილებს საქართველოსაც. კომპანიის წარმომადგენელი კომერსანტთან ინტერვიუში აანონსებს, რომ ექსპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა სამომავლოდ საქართველოსა და თურქეთსაც შეეხება.
Inter RAO-ს წარმომადგენლის განცხადებით, რუსულმა ენერგოგიგანტმა საექსპორტო ელექტროენერგიის 7%-ით გაძვირების შესახებ უკვე გააფრთხილა ქვეყნები და თუ ისინი ახალ პირობებს არ დათანხმდებიან Inter RAO აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდებას შეზღუდავს ან საერთოდ გააჩერებს.
გადაწყვეტილება 21 სექტემბერს ფედერაციის მთავრობის მიღებულ დადგენილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, 1-ლი ოქტომბრიდან 2024 წლის ბოლომდე საქონლის ფართო სპექტრზე 4-7%-იანი საექსპორტო გადასახადი წესდება, რომელიც რუბლი დოლარის გაცვლით კურსზე იქნება მიბმული.
საინვესტიციო ბანკ G&T-ის უფროსი ანალიტიკოსის შეფასებით, Inter RAO-ს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ იმპორტის ფასი, რაც ისედაც გაზრდილია ბოლო წლებში, კიდევ გაიზრდება, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება და სამომხმარებლო ტარიფის პირდაპირ გაძვირებას არ გამოიწვევს. მარიამ ჩახვაშვილის განმარტებით, რუსული ელექტროენერგიის გაძვირებას აზერბაიჯანიც მარტივად აიტანს, რადგან ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ძირითადად საკუთარი რესურსებით მუშაობს.
„როდესაც ელექტროენერგიის იმპორტზეა საუბარი, საქართველოს იმპორტის წყარო რუსეთი ან აზერბაიჯანია. შარშან ძირითადად რუსეთიდან ხორციელდებოდა იმპორტი. არჩევანი ყოველთვის კეთდება ფასის მიხედვით და ტექნიკური შესაძლებლობის მიხედვით. აფხაზეთის რეგიონისთვის ელექტროენერგიას გვაწვდის ყოველთვის რუსეთი, დანარჩენი საქართველოსთვის გააჩნია ვინ უკეთეს კომერციულ ტარიფს შემოგვთავაზებს.
იმპორტის ფასი ისედაც გაზრდილია, ბოლო წლების განმავლობაში. თუ დავუშვათ პანდემიამდელი ფასი 5 ცენტს ქვემოთ იყო, ახლა ასულია 7,5-8 ცენტამდე. ამ გაძვირებამ გამოიწვია ის, რომ საქართველომ გადაგეგმა თავისი ბალანსი და უფრო მეტად ამუშავებს თბოსადგურებს, ვიდრე იმპორტს. იმპორტს ვახორციელებთ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც ტექნიკურად აუცილებელია სისტემის მდგრადობისთვის და მაქსიმალურად მუშაობს თბოსადგურები. ესეც გამოწვეული იყო სუფთა სატარიფო სიგნალებიდან გამომდინარე.
აზერბაიჯანის რეგიონს რაც შეეხება, აზერბაიჯანი ძირითადად საკუთარი რესურსით მუშაობს, მათ აქვთ გაზის დიდი მარაგი და ელექტროენერგიასაც გაზის სადგურების საშუალებით მოიპოვებენ. მათაც იმპორტი აქვთ მხოლოდ ტექნიკური საჭიროებისთვის, რაც ნიშნავს, რომ მათი დამოკიდებულებაც რუსეთის ენერგო სისტემაზე შედარებით დაბალია და ალბათ ამ 7%-იან გაძვირებასაც მარტივად აიტანს. არ მგონია ეს აისახოს ჩვენთან ან აისახება იმპორტზე მხოლოდ გარკვეულწილად.
საქართველოში ჯამური იმპორტი არის 10-15%-ის მოცულობით და თუნდაც ეს რომ გაძვირდეს 7-10%-ით, ეს არ გამოიწვევს სამომხმარებლო ტარიფის. აქ უკვე საინტერესოა გრძელ ვადაში საითკენ წავა ტენდენცია და გრძელ ვადაში როგორ შეიცვლება ეს ყველაფერი. დღეს ასეთი განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან ისედაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბევრად უფრო მნიშვნელოვნად არის ფასი გაზრდილი, ვიდრე 7%-ია. ამიტომ ამას მნიშვნელოვანი გავლენა დღეს და ხვალ საქართველოს ელექტროსისტემისთვის არ ექნება, არც აზერბაიჯანისთვის“,-განმარტავს მარიამ ჩახვაშვილი.