მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი განახევრდა

ელექტროენერგია

2023 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი განახევრდა - ამის შესახებ სემეკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 11 თვეში იმპორტის გზით ქვეყანაში მხოლოდ 682 მილიონი კილოვატ საათი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 48%-ით ნაკლებია.

შედეგად, მთლიან ელექტრომომარაგებაში იმპორტის წილმა გასულ წელს მხოლოდ 5% შეადგინა, მაშინ როდესაც 2022-ში ის 9% იყო.

რატომ შემცირდა ელექტროენერგიის იმპორტი, მიზეზები:

  1. 2023 წელს საქართველოს ელექტრომოხმარება შემცირდა - გასული წლის 11 თვეში ქვეყანამ 13.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2022 წელთან შედარებით 560 მილიონი კილოვატ საათით, ანუ 4%-ით ნაკლებია. შემცირებული მოხმარების პირობებში დენის იმპორტით მიღების საჭიროებამ იკლო.
  2. ელექტროენერგიის იმპორტის კლების კიდევ ერთი მიზეზი ადგილობრივი თბოსადგურების გამომუშავების ზრდაა, 2023 წლის 11 თვეში ადგილობრივმა თბოსადგურებმა 3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 380 მილიონი კილოვატ საათით მეტი იყო.

რა ქვეყნებიდან მიიღო საქართველომ ელექტროენერგია 2022 წელს:

გასულ წელს იმპორტით მიღებული 682 მილიონი კილოვატ საათიდან 678 მილიონი კილოვატ საათი რუსეთიდან შემოვიდა, ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აღნიშნული ელექტროენერგიის 99% აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებისთვის შემოვიდა. აზერბაიჯანიდან იმპორტმა კი მხოლოდ 3 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. შესაბამისად, ენერგეტიკული სისტემის დამოკიდებულება იმპორტზე უკანასკნელი წლების მინიმუმამდე შემცირდა.

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა:

2023 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში 103 მილიონი დოლარის ღირებულების 1.47 მილიარდი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. ეს 2010 წლის შემდეგ რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტია, შემოსავლის მხრივ კი ყველა წლის რეკორდს წარმოადგენს.

2022 წელთან შედარებით ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა 51%-ით, მიღებული შემოსავალი კი 23%-ით არის გაზრდილი. ამის მიზეზია ის, რომ გასულ წელს ექსპორტირებული 971 მილიონი კილოვატის საშუალო ტარიფი 8.7 ცენტი იყო, ხოლო წელს ექსპორტირებული 1.47 მილიარდი კილოვატ საათის საშუალო ტარიფი 7 ცენტს შეადგეენდა. წინა წლების მსგავსად საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, სადაც 1.3 მილიარდი კილოვატ საათი გავიდა. 86 მილიონი კილოვატ საათი იყო ექსპორტი აზერბაიჯანში, 78 მილიონი კილოვატ საათი კი სომხეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები