მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყანამ 1.3 მილიონი აშშ დოლარის (20.3 მლნ კვტ.სთ) ელექტროენერგია გაყიდა, რაც წლიურად 1330%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მოცულობასთან ერთად, გაზრდილია საექსპორტო ბაზრების რაოდენობაც. თუ გასული წლის I კვარტალში ელექტროენერგია მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა, წელს ჩამონათვალშია სომხეთი და უმნიშვნელო ექსპორტით, თურქეთი:
- აზერბაიჯანი - $912 750;
- სომხეთი - $350 400;
- თურქეთი - $20.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა, რამდენადაც ქვეყანამ 2024 წლის სამ თვეში 438.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაში 1.9 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი შედარებით მეტი, 600.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია 762 350 აშშ დოლარად იყიდა. ამასთან, პირველ კვარტალში, საქართველოს იმპორტი იმაზე მეტი დაუჯდა, ვიდრე გასულ წელს ჯამურად. ეს შესაძლოა, აზერბაიჯანიდან გაზრდილ იმპორტს უკავშირდებოდეს, ვინაიდან მიმდინარე წელს ელექტროენერგიის იმპორტში ძირითადი პარტნიორი აზერბაიჯანია, რომელმაც რუსეთი ჩაანაცვლა. 2024 წლის იმპორტი ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - $1.4 მლნ;
- რუსეთი - $469 850.
გასული წელი ელექტროენერგიის ექსპორტით რეკორდული იყო, მთავარი საექსპორტო ბაზარს კი თურქეთი წარმოადგენდა. 2023 წელს ექსპორტმა 1.5 მლრდ კვტ.სთ-ს მიაღწია და ქვეყანამ 95.4 მილიონი დოლარი მიიღო. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა კი 790 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც ქვეყანას 1.1 მილიონი დოლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ იმპორტი ძირითადად რუსეთიდან, აფხაზეთის მომარაგებისთვის, სპეციალურ დაბალ ფასად ხორციელდება, რაც დაბალ ღირებულებას განაპირობებს.