2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში სულ 701 ათასი გასვლა აღირიცხა, რაც წლიურად 4.9%-ით არის შემცირებული. მათ შორის რეზიდენტი ვიზიტორის ვიზიტი (15 და უფროსი ასაკის პირები) იყო 563 ათასი, რაც წლიურად 7.4%-ით არის შემცირებული.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ კლება დაკავშირებულია საექსკურსიო ვიზიტების რაოდენობის შემცირებასთან. მეთოდოლოგიის მიხედვით, საექსკურსიო ვიზიტი ეწოდება ნებისმიერ ვიზიტს, რომელიც 24 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება, შესაბამისად საქართველოს მოქალაქე ბრუნდება ქვეყანაში გასვლის დღესვე. ასეთი ვიზიტები ხშირ შემთხვევაში მეზობელ ქვეყანაში საყიდლებზე გასვლას წარმოადგენს. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ე.წ. "საექსკურსიო" ვიზიტების რაოდენობა იყო 189 ათასი, რაც წლიურად 19%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება 24 საათზე უფრო ხანგრძლივ ვიზიტებს, მათი რაოდენობა იყო 371 ათასი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.
ქვეყნების მიხედვით საქსტატს დეტალური მონაცემები მხოლოდ რამდენიმე მთავარი მიმართულებისთვის აქვს წარმოდგენილი. მათ შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 2024 წლის მეოთხე კვარტალში 200 ათასი ვიზიტი აღირიცხა, შედარებისთვის 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ვიზიტები 258 ათასს შეადგენდა. ამასთან თურქეთში ვიზიტების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთდღიანია ანუ "საექსკურსიო" კატეგორიას განეკუთვნება და ერთ დღეზე ნაკლებს გრძელდება.
ტოპ ქვეყნები ვიზიტების რაოდენობის მიხედვით 2024 წლის მეოთხე კვარტალში:
- თურქეთი - 200 ათასი ვიზიტი, წლიური კლება 23%;
- რუსეთი - 110 ათასი ვიზიტი, წლიური ზრდა 33%;
- ევროკავშირი - 102 ათასი ვიზიტი, წლიური ზრდა 17%;
- სომხეთი - 71 ათასი ვიზიტი, წლიური კლება 28%;
- აზერბაიჯანი - 14 ათასი ვიზიტი, წლიური ზრდა 6%;
- სხვა ყველა ქვეყანა - 75 ათასი ვიზიტი, წლიური კლება 12%.
საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი საყიდლებისთვის ხორციელდება. ასეთი ვიზიტების რაოდენობა მეოთხე კვარტალში 192 ათასს შეადგენდა, მეორე ადგილზეა მეგობრებისა და ნათესავების მონახულება რაც 187 ათასი იყო, მესამე პოზიციაზეა დასვენება გართობა რეკრეაცია, რაც 2024 წლის მეოთხე კვარტალში 106 ათას ვიზიტს შეადგენდა, ეკონომიკური ან პროფესიული მიზნებით უცხოეთში მეოთხე კვარტალში 58 ათასი ვიზიტი აღირიცხა, მკურნალობა გაჯანსაღების მიზნით 10 ათასი ვიზიტი შედგა, ხოლო სხვა მიზნობრიობის ვიზიტების რაოდენობა 8.8 ათასი იყო.