მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგია საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის TOP-10-ეულშია - საექსპორტო ქვეყნები

ექსპორტი

ზედიზედ 2 წელიწადია, რაც 11 თვის მონაცემებით ელექტროენერგიამ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის პირველ ათეულში დაიკავა ადგილი. გასულ წელს ელექტროენერგიის რეალიზების რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ წელს 103 მლნ 296 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა და მთლიან ექსპორტში ამ საქონელმა 1.8%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა. ჯამში გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობამ 1 მილიარდ 468 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

შესაბამისად, იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 22.6%-ით გაიზარდა.

ექსპორტის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო 3 წელია, რაც ელექტროენერგიის გაყიდვის მაჩვენებელი დადებითია და წლების მიხედვით 11-თვიან ჭრილში ასე გამოიყურება:

2020 წელი - $5.8 მლნ;

2021 წელი - $15.7 მლნ;

2022 წელი - $84.2 მლნ;

2023 წელი - $103.3 მლნ;

წელსაც და გასულ წლებშიც ელექტროენერგიის რეალიზების მთავარი ბაზარი საქართველოსთვის თურქეთი იყო. საექსპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასე გამოიყურება

  1. თურქეთი - $94 მლნ, 1.303 მლრდ კვტ.სთ;
  2. აზერბაიჯანი - $5.1 მლნ, 86.3 მლნ კვტ.სტ;
  3. სომხეთი - $4.1 მლნ, 78.4 მლნ კვტ.სთ;
  4. რუსეთი - $7 ათასი; 180 ათასი კვტ.სთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (ესკო) ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2023 წელს ელექტროენერგიის ძირითადი ექსპორტი აპრილიდან დაიწყო. ამ საქონლის მეზობელი ქვეყნებისთვის მიწოდება 6 თვეს, სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. თუმცა მცირე მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი ამ პერიოდამდე და მას შემდეგაც ხდებოდა.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ წელს იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა. ჯამში წელს ქვეყანაში 922 ათასი დოლარის ელექტროენერგია შემოვიდა. აქედან რუსეთიდან 768 ათასი დოლარის ღირებულების 678 მლნ კვტ.სთ ვიყიდეთ, აზერბაიჯანიდან კი 153 ათასი დოლარის 3.3 მლნ კვტ.სთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები