ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის ფარგლებში პირველი ეტაპის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები ეკონომიკის სამინისტროსთან მემორანდუმების გაფორმების მოლოდინში არიან.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ განაცხადა, რომელიც რამდენიმე კომპანიის პარტნიორია.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტმა ძალიან დიდი საქმე გასწია უმოკლეს დროში. ამ დეპარტამენტმა სწრაფად მოახდინა ყველა იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც ევალებოდა.
როგორც იცით, აუქციონებში გამარჯვებული პროექტები გამოვლენილია. ახლა საკითხები გადაცემულია იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებისთვის. ისინი გადიან თითოეულ ხელშეკრულებას და როგორც კი, ყველა დოკუმენტს გაივლიან და დაუბრუნდება ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე გაიტანენ და მემორანდუმები გაფორმდება.
დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი აგვისტოს ბოლომდე დაიხურება“, - თქვა გიორგი მარგებაძემ.
ამასთან, როგორც მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ვინაიდან აუქციონში გამარჯვებული პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა, განვითარებასაც შესაბამისად გააგრძელებენ.
„ზოგიერთი პროექტი კვლევის სტადიაზეა, ზოგიერთმა სულ ნულიდან უნდა დაიწყოს, ზოგიერთი კი ისეთია, მაგალითად, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი პროექტი, როგორც კი ეკონომიკის სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმდება, ერთ კვირაში სამშენებლო სტადიაზე მოვითხოვოთ გადასვლა“, - აღნიშნა მან.
გიორგი მარგებაძეს მოლოდინი აქვს, რომ CFD სქემის ფარგლებში მეორე ეტაპის აუქციონშიც ბიზნესის აქტიურობა და შესაბამისად, კონკურენცია მაღალი იქნება.
შეგახსენებთ: პირველ აუქციონში სულ 78 განაცხადი შევიდა, საიდანაც 27 გამარჯვებული საინვესტიციო პროექტი გამოვლინდა. მათგან 10 მზის ელექტროსადგურია, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს.
პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული კომპანიების პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული. სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში მზადაა კომპანიას ფასთა სხვაობა გადაუხადოს იმ შემთხვევაში თუ საბითუმო ფასი ნაკლები იქნება CFD ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.
სახელმწიფოს მხარდაჭერის პერიოდი განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის განსხვავებულია. ჰესებისთვის CFD ხელშეკრულებები 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 9 თვე, მზის და სხვა განახლებულ ენერგიებზე მომუშავე სადგურებისთვის კი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს.